გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი მუმლაძე: მოსმენილი თუ გაქვთ 14 ოქტომბერს ნიკა მელიას გამოსვლა, ნახავთ, როგორი გადამგდები და მატყუარაა

26-01-2023

14 ოქტომბერს ნიკა მელიას გამოსვლა თუ გაქვთ მოსმენილი, ნახავთ, როგორი გადამგდები და მატყუარაა ეს ადამიანი, – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.


„მან თქვა, თუ არჩევნებს გააყალბებენ, აქ მოვალთ და ივანიშვილის რეჟიმის დასასრულამდე აღარ დავიშლებითო და თქვენ ნახეთ სადმე ქუჩაში მდგარი ნიკა მელია, რომელიც კვირები, თვეები ან დღეები იდგა და იბრძოდა? არა. 14 ოქტომბერს იყო კონკრეტული გეგმა, რომელიც პარტიის მმართველმა მენეჯმენტმა არ გაითვალისწინა, რომ პროტესტი გაგრძელებულიყო 14 ოქტომბრის შემდეგ და არ დაშლილიყო. ეს გეგმა იყო“, – განაცხადა მუმლაძემ.
მისი თქმით, აქციები აუცილებლად უნდა გაგრძელებულიყო, რაც არ მოხდა და ნიკა მელიას გადაწყვეტილებებმა პარტია დააზიანა.


„აქციები უნდა ყოფილიყო. ბოიკოტს თუ აცხადებ და შენ არ ენდობი მართლმსაჯულებას, ცესკო-ს და სხვა ინსტიტუციებს, მაშინ ერთადერთი გზა არის ქუჩის პროტესტი და ეს თუ არ შეგიძლია, ბოიკოტი არის სისულელე და ტყუილი. როცა ამბობ, რომ პარლამენტში ვინც შევა, მოღალატეა და მერე შენ შედიხარ ამ პარლამენტში, ამან ძალიან დაგვაზიანა. მათ შორის, ძალიან დაგვაზიანა იმან, რომ გიორგი გახარიასთან, რუსთან, რომელმაც 20 ივნისს თვალები დაგვთხარა და მოგვწამლა ბიძინა ივანიშვილის დავალებით, მასთან კოალიციაში შევიდა და მე არ ვაპირებ ახლა ამ შეცდომების დამალვა-დაფარვას. ამან მიგვიყვანა ნიჰილიზმამდე“, – განაცხადა მუმლაძემ.


მისი თქმით, ნიკა მელიამ პარტიაში თავისი თავი ამოწურა და ახალი შესათავაზებელი არც არაფერი აქვს, რის გამოც არ სურს დებატებში მონაწილეობა.
„იმის ნაცვლად, რომ პარტიის განვითარების ხედვაზე, მიშას გათავისუფლების კამპანიაზე და პროგრესზე ისაუბროს, მტრის ხატს ხატავს ადამიანებით, დებატებში არ მოდის არსად, მემალება და იმალება“, – განაცხადა მუმლაძემ.


როგორც მუმლაძემ აღნიშნა, მისი თავმჯდომარეობის პირობებში პარტიის სრული რესურსი მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის კამპანიას მოხმარდება.
„ჩემი თავმჯდომარეობის პირობებში პარტიის სრული რესურსი მოხმარდება სწორედ მიშას გადარჩენის კამპანიას. მთავარი პრობლემა და გამოწვევა, რომელიც ახლა პარტიას უდგას, არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების კამპანიის ნაწილში. პარტია, პრაქტიკულად, ერთი წლის განმავლობაში იყო უძრავ და უსუსურ მდგომარეობაში. ამიტომ ჩემი თავმჯდომარეობის პირობებში პარტიის სრული რესურსი მოხმარდება სწორედ მიშას გადარჩენის კამპანიას. ჩვენ უნდა დავიხსნათ პუტინის ტყვეობიდან ადამიანი, რომელსაც პირდაპირ კლავენ. გუშინ დაუდასტურდა კოვიდი, რაც წარმოუდგენელი ბოროტებაა იმ ნაწილში, რომ ადამიანი სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება, რამდენიმე მძიმე სენი აქვს და იმის ნაცვლად, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, ახალი სენი შეეყარა. ეს არის წარმოუდგენელი უპასუხისმგებლობა და ბოროტება. ამიტომ უნდა დავაჩქაროთ ბრძოლა“, – განაცხადა მუმლაძემ.


როგორც მუმლაძემ აღნიშნა, მისი თავმჯდომარეობის პირობებში მთავარი კამპანიური ხაზი იქნება აქტიური, მათ შორის, ქუჩის პროტესტი, რომელიც უნდა იყოს შემაწუხებელი.


„უნდა ვაიძულოთ ბიძინა ივანიშვილი, რომ დათმობებზე წავიდეს“, – აღნიშნა მუმლაძემ.


გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ვის დაუჭერს მხარს არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, ლევან ხაბეიშვილს თუ ნონა მამულაშვილს, გიორგი მუმლაძემ განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში დაეხმარება მას, ვინც ერთგული იქნება სააკაშვილის გათავისუფლების და პარტიის განახლება-განვითარების ნაწილში.
„ეს წინმსწრებად კი არ უნდა ვთქვა, ადამიანმა საქმით უნდა მაჩვენოს. მე ვინმეს სიტყვაზე ნდობას არ ვაპირებ და ქმედებიდან გამომდინარე ვენდობი მერე“, – განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930