8-02-2023
იურიდიული ფირმა MKD Law დღეს გავრცელებულ წერილში, რომელშიც საუბარია „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტის ქმედებათა აღმწერი სტატიის საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებაზე უარის შესახებ“, ბრიტანულ მედიაში ცენზურაზე საუბრობს. როგორც წერილშია აღნიშნული, „მორიგი სამწუხარო სიგნალი ამჯერად შვეიცარიის გარეთ, ევროპული/ბრიტანული მედიიდან მიიღეს, რომლებიც ყველანაირი შეფერხების გარეშე აქვეყნებდნენ სტატიებს, როდესაც შინაარსი „კრედიტ სუისს“-ის მძიმე კრიტიკას შეეხებოდა, ხოლო როდესაც საქმე მიდგა ინფორმაციაზე კონკრეტულად ბანკის მენეჯმენტის მხრიდან ბანკისა და შეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაციის შეგნებულ, განზრახ დანგრევაზე, წერილიდან სრულად ამოიღეს ის მესიჯები, რომლებიც ეხებოდა კონკრეტულად ბანკის მენეჯმენტს, ხოლო მომდევნო კომუნიკაციის შედეგად, მედიამ გადაასხვაფერა, გააფერმკრთალა ყველა აქცენტი, რომელიც „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტის კრიტიკას შეეხებოდა.
„მაშინ, როდესაც ჩვენ ვაკრიტიკებდით საბანკო გიგანტს და საზოგადოების სამსჯავროზე გამოგვქონდა გაუგონარი დარღვევები „კრედიტ სუისს“-ის მხრიდან, მაშინ მედიას არანაირი დისკომფორტი და წუხილი არ ჰქონდა, ხოლო როდესაც საქმე შეეხო პირთა ვიწრო წრეს, ანუ, ბანკის მენეჯმენტს, ჩვენთვის მედიის კარი დახურული აღმოჩნდა: ფაქტობრივად, საკითხი ცენზურას დაექვემდებარა“ - ნათქვამია წერილში. აქვე აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილს განზრახული აქვს კვლავაც მისცეს შანსი შესაბამის მედია საშუალებებს, რათა გამოაქვეყნონ მომდევნო ინფორმაცია და წერილები, რომლთა გასაჯაროვება უკვე დაგეგმილია, მხოლოდ იმ დათქმით, თუკი იგივე მედია საშუალებები ამ დრომდე დაბლოკილ ინფორმაციასაც გამოაქვეყნებენ არარედაქტირებულ ფორმატში.
„როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის ცნობილი არის ბატონ ივანიშვილსა და „კრედიტ სუისს“-ს შორის მიმდინარე გლობალური დავის შესახებ. ერთ-ერთი წამყვანი წყარო, ძირითადი საშუალება, რომლის გამოყენებითაც არის უზრუნველყოფილი სწორედ საზოგადოების ინფორმირებულობა, არის ბეჭდური მედია და ინტერნეტ გამოცემები. მართლაც, წლების განმავლობაში წარმოებული სასამართლო დავების პარალელურად, ბატონი ივანიშვილისა და მისი წარმომადგენლების მიერ მუდმივად ხორციელდებოდა კომუნიკაცია მკითხველთან, საკითხით დაინტერესებულ პირებთან და საზოგადოებასთან როგორც უშუალოდ შვეიცარიული, ისე ევროპული და, ზოგადად, საერთაშორისო მედიის საშუალებით. ცხადია, ყოველივე ატარებს გარკვეულ ორგანიზებულ ფორმას, რაც ნიშნავს, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობაში მხარდაჭრის კუთხით მომსახურებას წლების განმავლობაში სწევდა ინგლისური ფირმა „მეტიგენი“ (Metigen). სწორედ აღნიშნული ფირმის ჩართულობით, წლების განმავლობაში არაერთი სტატია და წერილი გავრცელდა სხვადასხვა მედია საშუალებაში, რაც დამატებით გადაიბეჭდა ათობით გამომცემლობაში, მათ შორის, მსოფლიოს წამყვან პრესაში (Wall Street Journal, Bloomberg, Reuters და სხვა). აღნიშნული სტატიები და წერილები საუბრობდა „კრედიტ სუისს“-თან მიმდინარე დავებზე, მათ შედეგებზე, ბანკში ჩადენილ დანაშაულზე, ბანკის მხრიდან დარღვევებზე. აღნიშნულის კლასიკური მაგალითია, თუნდაც, სულ ახლახანს, 2023 წლის 25 იანვარს გამოქვეყნებული სტატია, რომელიც „კრედიტ სუისს“-ის უმძიმეს კრიტიკას შეიცავდა.
ამგვარი პუბლიკაციების გამოქვეყნება შეფერხებების გარეშე ხორციელდებოდა. თუმცა, მკითხველი გაიხსენებს გამონაკლისსაც, როდესაც 2022 წლის 18 ივლისს საზოგადოებას ვაცნობეთ იმ ინფორმაციის შესახებ, რომლის გამოქვეყნებაზეც შვეიცარიულმა მედიამ უარი განაცხადა (მართალია, ამ შემთხვევაში ფირმა Metigen არ იყო ჩართული საკითხში). შეგახსენებთ, რომ გამოუქვეყნებელი ინფორმაცია შეეხებოდა არა ზოგადად „კრედიტ სუისს“-ის, არამედ უშუალოდ და კონკრეტულად ბანკის მენეჯმენტის მხრიდან უხეშ დარღვევებს და ბანკის ინტერესების საწინააღმდეგო განზრახ მოქმედებებს. 2022 წლის 18 ივლისის წერილში ვაცხადებდით:
„შვეიცარიული მედია ჩვენი ჩართულობითაც და თავადაც, ჩვენგან დამოუკიდებლად, ყოველთვის უყოყმანოდ აქვეყნებდა კრიტიკულ, ნეგატიური შინაარსის შემცველ სტატიებს შესაბამის ბანკთან დაკავშირებით. მოცემულობა შეიცვალა, როდესაც საუბარი შეეხო ბანკის მენეჯმენტის მიერ თვით-დაზიანების რეჟიმში ყოფნასა და ჩვენ მიერ გამოთქმულ ეჭვს - ხომ არ იყო ბანკის მოქმედებებში სხვა საფუძველი ან რაიმე ინტერესი. აქედან გამომდინარე, წარმოიშვება ლოგიკური დასკვნა, რომ ათზე მეტი გამომცემლობის, ტელევიზიისა და რადიოს მიერ უნისონში გამოთქმული ზრდილობიანი უარის მიღმა შეიძლება სხვა საფუძველი არსებობდეს, რაც მორიგი სამწუხარო, იმედგამაცრუებელი სიგნალი იქნებოდა შვეიცარიიდან“. მაშინ ჩვენ იძულებული გავხდით პირადი წერილებით მიგვემართა შვეიცარიელი პოლიტიკოსებისთვის და მათი ყურადღება მიგვეპყრო იმ საკითხებზე, რაზეც შვეიცარიულმა მედიამ საუბრის საშუალება არ მოგვცა. დღეის მოცემულობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მორიგი სამწუხარო სიგნალი ამჯერად უკვე შვეიცარიის გარეთ, ევროპული/ბრიტანული მედიიდან მივიღეთ, რომლებიც ყველანაირი შეფერხების გარეშე აქვეყნებდნენ სტატიებს, როდესაც შინაარსი „კრედიტ სუისს“-ის მძიმე კრიტიკას შეეხებოდა, ხოლო როდესაც საქმე მიდგა ინფორმაციაზე კონკრეტულად ბანკის მენეჯმენტის მხრიდან ბანკისა და შეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაციის შეგნებულ, განზრახ დანგრევაზე, მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: ჯერ იყო და ჩვენ მიერ მიწოდებული წერილიდან სრულად იყო ამოღებული ის მესიჯები, რომლებიც ეხებოდა კონკრეტულად ბანკის მენეჯმენტს, ხოლო მომდევნო კომუნიკაციის შედეგად, მედიამ გადაასხვაფერა, გააფერმკრთალა ყველა აქცენტი, რომელიც ისევ იმავეს, „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტის კრიტიკას შეეხებოდა. შესაბამისად, მაშინ, როდესაც ჩვენ ვაკრიტიკებდით საბანკო გიგანტს და საზოგადოების სამსჯავროზე გამოგვქონდა გაუგონარი დარღვევები „კრედიტ სუისს“-ის მხრიდან, მაშინ მედიას არანაირი დისკომფორტი და წუხილი არ ჰქონდა, ხოლო როდესაც საქმე შეეხო პირთა ვიწრო წრეს, ანუ, ბანკის მენეჯმენტს, ჩვენთვის მედიის კარი დახურული აღმოჩნდა: ფაქტობრივად, საკითხი ცენზურას დაექვემდებარა.
ჩვენთვის, ცხადია, მიუღებელი იყო და არის ინფორმაციის გადასხვაფერებული, დაშტრიხული თუ შეკვეცილი სახით გამოქვეყნება, ამიტომ ჩვენი მხრიდან საერთოდ უარი ითქვა პუბლიკაციაზე. საგულისხმოა, რომ ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ იყო ჰაერიდან მოტანილი და იგი ეფუძნებოდა ფაქტებსა და შვეიცარიული საბანკო მარეგულირებლის ანგარიშებს. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, უარის მთქმელ მედია საშუალებებს მარტივად შეეძლოთ გადაემოწმებინათ ინფორმაცია, თუნდაც ბანკთან. აღნიშნულის ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ ინფორმაციის საწყისი სახით გამოქვეყნებაზე უარი, რაც მხოლოდ გაოცებას და იმედგაცრუებას იწვევს. მართლაც იმედგამაცრუებელია ის, რომ ევროპული მედიაც მონოპოლიზირებული აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ბატონ ივანიშვილს განზრახული აქვს კვლავაც მისცეს შანსი შესაბამის მედია საშუალებებს, რათა გამოაქვეყნონ მომდევნო ინფორმაცია და წერილები, რომლთა გასაჯაროვება უკვე არის დაგეგმილი, მხოლოდ იმ დათქმით, თუკი იგივე მედია საშუალებები ამ დრომდე დაბლოკილ ინფორმაციასაც გამოაქვეყნებენ არარედაქტირებულ ფორმატში“ - ნათქვამია იურიდიული ფირმის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.
16-11-2024
16-11-2024