11-02-2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ბათუმში 560 სტუდენტზე გათვლილი კოლეჯ „ბლექსის“ ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა იწყება.
მშენებლობის ადგილზე – ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან და კოლეჯ „ბლექსის“ დირექტორ გიორგი გოგიტიძესთან ერთად მიიღო.
მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა ქსელის გაფართოების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოს რეგიონებში, სხვადასხვა სფეროში დაფუძნდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კოლეჯები, რომლებიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს მაღალი ხარისხის ევროპულ განათლებას შესთავაზებენ.
მიხეილ ჩხენკელი: „მოგეხსენებათ, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, პროფესიული განათლება გახდეს კიდევ უფრო პოპულარული და მასზე წვდომა ჰქონდეს ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს საქართველოს ყველა რეგიონში. ამ მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით, ინტენსიურად მუშაობს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა ქსელის გაფართოების მიმართულებით.
ახალი მასშტაბური პროექტის განხორციელების შედეგად ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქს კიდევ ერთი ევროპული სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცე შეემატება, სადაც ახალგაზრდებს ჯანსაღ და კომფორტულ გარემოში ექნებათ განათლების მიღებისა და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობა.
მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო აჭარის მთავრობას მჭიდრო თანამშრომლობისთვის. მჯერა, მრავალწლიანი ისტორიის მქონე კოლეჯი „ბლექსი“ განახლებული, თანამედროვე ინფრასტრუქტურით უფრო მრავალფეროვან პროგრამებსა და სერვისებს შესთავაზებს სტუდენტებს, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე.“
მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციაზე. როგორც მან აღნიშნა, 2022 წლიდან პროფესიული განათლების საფეხურზე ამოქმედდა Erasmus+ პროგრამა. ამასთან, გრძელდება მუშაობა ექსელენს-ცენტრებისა (CoE) და საერთაშორისო სასწავლებლების განვითარების მიმართულებით, რაც უცხოელი სტუდენტების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
მინისტრის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, კოლეჯებში მიმდინარე სასწავლო პროცესში 2022 წლიდან ჩართულნი არიან უცხოელი მასწავლებლები, რაც პროფესიული განათლების საფეხურზე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის შესაძლებლობას იძლევა. ასევე, მალე ამოქმედდება უცხოური ენის ცენტრები და გაცვლითი პროგრამები შეთავაზებული იქნება სტუდენტებისთვისა და პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის.
მიხეილ ჩხენკელმა პროფესიული განათლების ეფექტიანი მართვის სისტემის დანერგვის კუთხით ყურადღება გაამახვილა პროფესიული უნარების სააგენტოს დაფუძნებაზე. მისი განცხადებით, 2021 წელს სისტემაში უპრეცედენტო და სრულიად ინოვაციური მართვის მოდელი დაინერგა – საჯარო-კერძო პარტნიორობით დაფუძნდა პროფესიული უნარების სააგენტო, რომელსაც საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად დამსაქმებელთა შვიდი მსხვილი გაერთიანება მართავს.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროფესიული უნარების სააგენტოს პოლიტიკა და სისტემაში მიმდინარე პროექტები სრულ თანხვედრაშია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის უმნიშვნელოვანეს ინიციატივასთან, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობას. ამ მიმართულებით, სამინისტროსა და სააგენტოს აქტიური თანამშრომლობის შედეგად, შესაძლებელი გახდა მოკლევადიანი მომზადებისა და გადამზადების კურსების გაფართოება – 2022 წელს დაფინანსდა 150-მდე პროგრამა, რომელთა განხორციელებაშიც აქტიურად არის ჩართული კერძო სექტორიც.
კაფსულის ჩადების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძემ, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან სუხიტაშვილი და პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი თამარ ქიტიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში კოლეჯ „ბლექსის“ ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობას სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში აშენდება 560 სტუდენტზე გათვლილი სამსართულიანი შენობა შეკიდულივიტრაჟული სისტემით, სადაც განთავსდება თეორიული და პრაქტიკული აუდიტორიები, ფაბლაბი, სტუდენტური სივრცე, შეხვედრების ოთახი, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, არქივი, ბუფეტი, სამედიცინო კაბინეტი და სპორტული დარბაზი. ამასთან, პროექტი 50 სტუდენტზე გათვლილ საერთო საცხოვრებლის მშენებლობასაც ითვალისწინებს.
ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ღირებულება 17 179 515 ლარს შეადგენს, 2024 წელს დასრულდება.
კოლეჯ „ბლექსიში“ დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულების 30 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება. მათ შორის – სასტუმრო მომსახურება, სარესტორნო მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, კონდიტერია, სათავგადასავლო ტურიზმი, მშენებლობის წარმოება, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება, პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპინგი, ტელეკომუნიკაცია, სამკერვალო წარმოება და სხვა.
16-11-2024
16-11-2024