გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვის ფაქტზე 4 პირი დააკავეს

22-02-2023

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წარსულში ნასამართლევი 4 პირი დააკავეს.


დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვის და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებული არიან: 1980 წელს დაბადებული ლ.ღ. და 1977 წელს დაბადებული ა.ჩ. (მეტსახელად „ბუფალო“), ხოლო მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის - 1979 წელს დაბადებული ლ.ბ. (მეტსახელად „კუდალა“).


1971 წელს დაბადებული გ.მ. კი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა - ა.ჩ.-მ და ლ.ღ.-მ 2023 წლის 20 იანვარს ნაცნობი - პ.ჩ. მოტყუებით მიიყვანეს ზაჰესში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სადაც გადასცეს 300 გრამი ნარკოტიკული საშუალება, მისი რეალიზებისთვის 2 კვირის ვადა მისცეს და ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის გადაცემა მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პ.ჩ.-ს ოჯახის წევრების სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრნენ.


ვინაიდან პ.ჩ.-მ არ შეასრულა ბრალდებულების მოთხოვნები, ა.ჩ.-მ და ლ.ღ.-მ იგი ძალის გამოყენებით, ავტომანქანით წაიყვანეს დიღომში, რომელსაც ლ.ბ. მართავდა. გზაში ბრალდებულები ემუქრებოდნენ პ.ჩ.-ს მისი და მის ოჯახის წევრების წამებით, დაწვით და ლიკვიდაციით, ასევე, ფიზიკურად ძალადობდნენ მასზე. მოძალადეებმა პ. ჩ. იმ პირობით გაუშვეს, რომ რამდენიმე დღეში ა.ჩ.-ის საბანკო ანგარიშზე 20 000 ლარი უნდა ჩაერიცხა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას, მის მცირეწლოვან შვილს, მეუღლეს და დედას ფიზიკურად გაანადგურებდნენ.


ლ.ბ.-მ, რომელიც შეესწრო ა.ჩ.-ს და ლ.ღ.-ს მიერ ჩადენილ დანაშაულს, სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ არ შეატყობინა.


მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა განახორციელეს ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რის შედეგადაც დადასტურდა დაკავებულთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებები.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირის გ.მ.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი ოდენობით "მარიხუანა".


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 260-ე მუხლით, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვას, ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930