გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები დედაქალაქი
მსოფლიოში ყველაზე პატარა მუზეუმი თბილისში მდებარეობს

9-01-2018

ფიროსმანის ქუჩის 29 ნომერში მდებარე მუზეუმი მსოფლიოში ყველაზე პატარა მუზეუმად არის მიჩნეული, რადგან მისი ფართობი 6 კვადრატულ მეტრს არ აღემატება. მუზეუმი წარმოადგენს ქართველი მხატვრის – ნიკო ფიროსმანაშვილის მირზაანის სახლ-მუზეუმის ფილიალს და ადგილს, სადაც ხელმოკლე მხატვარმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა. საცხოვრებელი მუზეუმად ოფიციალურად 1982 წელს გადაკეთდა და ის მაქსიმალურადაა შემონახული პირვანდელი სახით, ხოლო 2008 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შემადგენლობაშია.

როგორც თითქმის ყველა დიდებულ ხელოვანს, ფიროსმანსაც არ ხვდა წილად სიცოცხლეშივე გამოეცადა სათანადო პატივისცემა და დაფასება ხალხის მხრიდან, როგორც ვიცით, ის დუქანში ნაშოვნი ფულით ირჩენდა თავს და ხატვისთვის საჭირო საღებავებსაც ამით ყიდულობდა. მის ნახატებს იმდროინდელი თბილისის თითქმის ყველა დუქანში შეხვდებოდით და დღითიდღე უფრო და უფრო მეტი ადამიანი ამჩნევდა მის ნიჭს, თუმცა ამ ყველაფერმა მას ფინანსური კეთილდღეობა ვერ მოუტანა, სწორედ ამიტომ ცხოვრება სიდუხჭირეში განვლო და უკანასკნელ წლებიც საცხოვრებელი სახლის კიბის ქვეშ, ამ ოთახში გაატარა.

,,დოქტრინა“ მუზეუმის ამჟამინდელი მდგომარეობითა და ფუნქციურობით დაინტერესდა.

მუზეუმი დღესაც ღიაა დამთვალიერებლებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ იხილონ აქ წარმოდგენილი მრავალი პირადი ნივთი. ნივთების უმეტესობა ფიროსმანის მშობლიური სოფლიდან, მირზაანიდან არის ჩამოტანილი. წარმოდგენილია ფიროსმანის სიცოცხლეშივე ამ ადგილზე არსებული მაგიდა და სკამები, აქვეა მხატვრის დედის, თეკლე ტოკლიკიშვილის მიერ მოქსოვილი ფარდაგი, მხატვრის საწოლი და სხვადასხვა ჭურჭელი.

რა თქმა უნდა, ტრაგიკული მხატვრის მუზეუმში შეუძლებელია არ იყოს ,,მარგარიტა“, რომელიც ნიკალამ ფრანგ მოცეკვავეს მიუძღვნა. მხატვარს თავდავიწყებით შეჰყვარებია მოცეკვავე ქალი და, ბევრის თქმით, სახლიც კი გაყიდა, რომ მისთვის ვარდები ეჩუქებინა, თუმცა შესაძლოა ეს ყველაფერი გაზვიადებულიც იყოს, რასაც, რა თქმა უნდა, მისი მატერიალური მდგომარეობა გვაფიქრებინებს. უსაფრთხოების მიზნით, აქ წარმოდგენილი ეს ნახატიც მხოლოდ რეპროდუქციაა, ხოლო ფიროსმანის მიერ დატოვებული ხელოვნების ნიმუშები ძირითადად შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახლ-მუზეუმსა და სოფელ მირზაანში არსებულ ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმშია წარმოდგენილი.





doctrina.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930