10-03-2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის მოწვევით თბილისში სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი, დელეგაციასთან ერთად, იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჩხენკელმა სომეხ კოლეგასთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა. მინისტრმა ჟანა ანდრეასიანს მადლობა გადაუხადა განათლების სფეროში მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
შეხვედრის ფარგლებში მინისტრებმა ორი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის მხარდამჭერ მექანიზმებზე იმსჯელეს, მათ შორის, საუბარი შეეხო მასწავლებელთა ხელშეწყობას კვალიფიკაციის გაუმჯობესებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით, მოსწავლეთა და სტუდენტთათვის მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამების შეთავაზებასა და სხვადასხვა ტიპის ახალგაზრდული ღონისძიებების ორგანიზებას.
მიხეილ ჩხენკელმა სომეხ კოლეგასთან უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებიც განიხილა, რაც, შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული და სომხური ენისა და ლიტერატურის სწავლების გაძლიერებას, ხოლო მეცნიერების განვითარების კუთხით ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას გულისხმობს. მინისტრის თქმით, კარგი იქნება, თუ ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიასა და სომხეთის ბიურაკანის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას შორის არსებული ტრადიციული სამეცნიერო კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება.
შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა ჟანა ანდრეასიანს საქართველოს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტების – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.
მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ დარგში აკადემიური პროგრამების შექმნას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ამ ეტაპზე მოქმედი პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. მისი განცხადებით, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეტაპობრივად ემატება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისათვის.
როგორც მინისტრმა განაცხადა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელმაც ოპერირება 2020 წელს დაიწყო, სწრაფად მზარდი რეიტინგი აქვს, რაც იმის მანიშნებელია, რომ მისი განვითარება სწორი სტრატეგიით მიმდინარეობს – 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეიტინგში პირველია.
სომეხ კოლეგასთან შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა ასევე აღნიშნა, რომ ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან. სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო. აღსანიშნავია, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას. მინისტრის თქმით, ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. ამის დასტურია ის, რომ მრავალმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა, უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში. მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, კარგი იქნება, თუ ქართველი და სომეხი მეცნიერები ადრონული თერაპიის ცენტრში ერთობლივ სამეცნიერო პროექტებს განახორციელებენ.
თავის მხრივ, სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოს განათლების სისტემის მეგა-პროექტს და ამ მიმართულებით თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.
გარდა ამისა ჟანა ანდრეასიანმა საქართველოში მცხოვრები სომხების მხარდაჭერისათვის და მათთვის სახელმწიფო ენის შესწავლის ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და პირადად მიხეილ ჩხენკელს. მისი თქმით, საქართველოში მცხოვრები სომხებისთვის სახელმწიფო ენის სწავლება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საზოგადოებაში მათ უკეთ ინტეგრაციას.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ჟანა ანდრეასიანმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსა და სომხეთს შორის მჭიდრო პარტნიორობას როგორც ზოგადი, ასევე, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით. კერძოდ, დოკუმენტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კვლევით დაწესებულებებს შორის კავშირების გამყარებას, აგრეთვე, სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების შეთავაზებას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მიზნით და მათთვის სტიპენდიების გამოყოფას. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, განახორციელონ ერთობლივი პროგრამები საქართველოსა და სომხეთის უნივერსიტეტებში ქართველოლოგიისა და არმენოლოგიის ცენტრების შექმნის მიზნით.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, მოადგილეები ვალერიან გობრონიძე და ნუნუ მიცკევიჩი, სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე არტურ მარტიროსიანი, სომხეთის ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი და სომხეთის დელეგაციის სხვა წარმომადგენლები.
16-11-2024
16-11-2024