21-03-2023
„სალომე ზურაბიშვილი, სამწუხაროდ, ჩაერთო იმ „ნაცურ“ ტრენდში და კამპანიაში, რასაც ამ განცხადების განზოგადებით ცდილობენ. ეს არის ერთი პატარა რგოლი იმ ბოლშევიკურ-ფაშისტური ბულინგის, რომელსაც ახორციელებენ კამპანიის სახით. ერთი ნაწილი იყო, რომ შალვა პაპუაშვილის კონკრეტულ ქეისთან მიმართებით გაკეთებული განცხადება განეზოგადებინათ და თქვენც კი მეკითხებით, რომ ყველა ახალგაზრდაზე თქვაო, ეს არის ტყუილი და ამის განზოგადება არის ბოროტება, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას ჟურნალისტის შეკითხვას.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება კონკრეტულ ფაქტებს ეყრდნობოდა, როდესაც 1000-ლარიან ახალგაზრდებზე საუბრობდა.
„ გეტყვით, რეალურად რა ხდება: პირობით პროცენტს ვიტყვი, ჩემი წარმოდგენით, იქ იყო მინიმუმ 90%-ზე მეტი, ვინც გულწრფელად აპროტესტებდა რაღაცას. მაგრამ ასევე იყო გარკვეული ჯგუფი, რომელიც დატრენინგებული იყო საიმისოდ, რომ პირდაპირი გაგებით, ბრძოლა გაეჩაღებინათ. მათ შორის, მათი გაბრაზებული შემკვეთები და ლიდერები, უკვე ანგარიშზე ურიცხავენ თანხას და უკვე დადასტურებულია. მე ეჭვი არ მეპარება მაგალითად, რომ იმ კონკრეტულ თარიღში, იმ კონკრეტულ დღეს „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერისგან გადაერიცხა 1000 ლარი - სწორედ ამაზე საუბრობდა შალვა პაპუაშვილი. თუ ეს ასე არ არის, იმ ახალგაზრდას შეუძლია გამოაქვეყნოს იმ დღის ამონაწერი, რა პერსონალ;ურ ისეთ საიდუმლოს შეიცავს რომ ვერ აქვეყნებს?“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული მეორე ინფორმაციის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და პოლიტსაბჭოს წევრი, აქტივისტების მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავდა „1000 ლარი თუ არ გადაურიცხე, არ ინძრევიან ადგილიდანო.“ შესაბამისად, მდინარაძის თქმით, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ორ კონკრეტულ შემთხვევაზე საუბრობს, მავნებლობა და ბოროტებაა მის მიერ გაკეთებული განცხადების განზოგადება.
„ორ ქეისზე ლაპარაკობს ადამიანი და განზოგადებას აკეთებთ. იქ იყვნენ გულწრფელი ადმაიანები და იყვნენ ადამიანები, სამწუხაროდ, როგორც აღმოჩნდა, კონკრეტულ ანაზღაურებას იღებდნენ ამაში. თუ ასე არ იყო, კონკრეტული თარიღის ამონაწერი გაასაჯაროვოს“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
16-11-2024
16-11-2024