22-03-2023
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა, ComCom-ის 2021 წლის ანგარიში წარადგინა, რის შემდეგაც, მას მედიაში არსებული პროპაგანდისა და კომისიის მიერ, ამ პრობლემის მოგვარების გზების შესახებ დაუსვეს კითხვა.
კითხვაზე ComCom-ის თავმჯდომარემ უპასუხა და კომუნიკაციების კომისიის მიერ მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოს მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის უნარების გამომუშავებასა და პროპაგანდის ზემოქმედების თავიდან არიდების სწავლებას ეხებოდა. კახა ბექაურმა აღნიშნა ისიც, რომ ეს ყველაფერი არ იყო საკმარისი პროპაგანდის მედიასაშუალებებიდან აღმოსაფხვრელად და დაამატა, რომ კომუნიკაციების კომისია ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს, კერძოდ, ComCom-მა ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც უცხო ქვეყნების, მათ შორის, აშშ-ს, კანადისა და ევროპის ქვეყნების პრაქტიკები შეისწავლა. თავმჯდომარის ინფორმაციით, კვლევის შედეგები აჩვენებდა, რომ სხვა ქვეყნებში, რადიო და ტელემაუწყებლებში გავრცელებულ ყალბ ინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლის აპრობირებული მეთოდები არსებობს, რაც ფაქტის დამახინჯებისა და ფაქტის მოსაზრებაში აღრევის კანონით დასჯას ითვალისწინებს. ამასთან ერთად კი, რეგულირდება პასუხის უფლებაც, რაც იმ პირისთვის, რომელიც თვლის, რომ მასზე არასწორი ინფორმაცია გაშუქდა, მედიასაშუალებისთვის კანონით მინიჭებულ პასუხის გაცემის უფლებას გულისხმობს.
16-11-2024
16-11-2024