შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია, თუ დამატებითი გარემოებები გამოვლინდება, კვალიფიკაცია შესაძლოა შეიცვალოს.
ამის შესახებ გახარიამ „ხორავას ქუჩის საქმის“ საგამოძიებო კომისიის დასკვნით სხდომაზე განაცხადა, რომელიც პარლამენტში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
„2017 წლის დეკემბერში ეს ინფორმაცია არავინ არ იცოდა, რამეთუ ეს ინფორმაცია გაჟღერდა სასამართლო პროცესზე. იმისთვის, რომ თქვენ თეორიულ შეკითხვაზე რამე გადაწყვეტილება მივიღოთ, პირველ რიგში, უნდა დავადგინოთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი საბოლოო შედეგსა და მირზა სუბელიანის იმ აქტივობებს შორის, რასაც თქვენ აფასებთ შეფასებითად და იმ კითხვებზე, რაც მე გიპასუხეთ.
მეორე, რეალურად მირზა სუბელიანი, რომელიც მე არც ვიცოდი მაშინ საერთოდ ვინ იყო და რას წარმოადგენდა, მაგრამ ამ საქმესთან ვინც აკავშირებს შვილი და მისი ნათესავები - არიან ერთეულები იმ მცირეოდენი ადამიანებისა, ვინც თანამშრომლობდა მაშინაც და დღესაც გამოძიებასთან.
მესამე, რეალურად, დაველოდებით თქვენი კომისიის დასრულებას, რომლის ძირითადი მიზანიც გახლავთ, იმიტომ ვთანამშრომლობთ ასე ტრანსპარენტურად თქვენთან, რომ გამოვავლინოთ შესაძლო პროცედურული დარღვევები, ან გადამეტება - და ამის შემდგომ ვიმსჯელებთ თქვენთან ერთად ამ საქმეზე.
ამ ეტაპზე ვთვლი, რომ მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, ის არის დაკავებული და ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ თუ გამოვლინდა დამატებითი ფაქტორები, რაზეც მეც ვისაუბრე და თქვენც ისაუბრეთ - რომ კვალიფიკაცია შეეცვალოს“- განაცხადა გახარიამ.