23-03-2023
„მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე ისაუბრა.
მისი თქმით, 2022 წელს, პირველად, პროგნოზებთან შედარებით მაღალმა ეკონომიკურმა პარამეტრებმა შესაძლებელი გახადა ბიუჯეტის შემოსავლების ზრდა.
„ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი მის პირველად გეგმასთან შედარებით 1.8 მილიარდი ლარით გაიზარდა და მისი საბოლოო გეგმა 17 მილიარდ 350 მილიონ ლარს შეადგენდა. საგადასახადო შემოსავლების საკასო შესრულებამ 17 მილიარდ 385 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც გაზრდილი გეგმიური მაჩვენებლის 100.2 პროცენტს შეადგენს. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ დამატებული ღირებულების გადასახადის დაბრუნების მაჩვენებელმა 2 მილიარდ 265 მილიონ ლარს გადააჭარბა. ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებმა, ჯამში, 23 მილიარდ 648 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 100.8 პროცენტია", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ხარჯვით ნაწილზე საუბრისას, მან განაცხადა, რომ იყო მაღალი შესრულება, რომლის მოცულობამ, ჯამში, 23 მილიარდ 49 მილიონი ლარი შეადგინა, რაც პროგნოზირებული მაჩვენებლის 99.7 პროცენტია. მიმდინარე ხარჯების ნაწილში, საკასო შესრულებამ 15 მილიარდ 615 მილიონ ლარს, (პროგნოზის 99.2%), ხოლო კაპიტალურმა ხარჯებმა 6 მილიარდ 169 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც პროგნოზირებული მაჩვენებლის 101.2 პროცენტია.
სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გამახვილდა ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების ტენდენციაზე.
„2022 წლის ბიუჯეტის თავდაპირველი ვარიანტის მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის პროგნოზი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, დაგეგმილი იყო 4.4 პროცენტის დონეზე, თუმცა მისმა ფაქტიურმა მაჩვენებელმა მთლიანი შიდა პროდუქტის 3.1 პროცენტი შეადგინა. 2023 წლისთვის ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილია მშპ-ის 2.8 პროცენტის დონეზე, თუმცა დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მისი დამატებით შემცირება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
კიდევ ერთი პარამეტრი, რომელზედაც ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა, არის მთავრობის ვალი.
მისი თქმით, 2022 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის მიხედვით, წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის მოცულობა დაგეგმილი იყო მთლიანი შიდა პროდუქტის 51.1 პროცენტის დონეზე.
„მაღალმა ეკონომიკურმა პარამეტრებმა და შესაბამისად, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებამ, შესაძლებელი გახადა 700 მილიონ ლარზე მეტით შემცირებულიყო 2022 წლისთვის დაგეგმილი ვალის აღების მაჩვენებელი. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ წლის განმავლობაში ლარის გაცვლითი კურსი გამყარდა, რამაც, ასევე, დადებითად იმოქმედა მთავრობის ვალის შემცირებაზე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, 2022 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალმა შეადგინა 28 მილიარდ 538 მილიონი ლარი, რაც მშპ-ის 39.8 პროცენტია, მათ შორის, საგარეო ვალი - 21 მილიარდ 392.0 მილიონი ლარი (მშპ-ის 29.8%), ხოლო საშინაო ვალი - 7 მილიარდ 146 მილიონი ლარი (მშპ-ის 10.0%).
„პანდემიის პერიოდში მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 60 პროცენტზე მაღალ მაჩვენებელზე გაზრდილი მთავრობის ვალი, სწორი ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის შედეგად, 2-წლიან პერიოდში შემცირდა ე.წ. უსაფრთხო - 40 პროცენტზე დაბალ ნიშნულამდე, რაც პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებელზე დაბალია. მიმდინარე წლის ბოლოსთვის, მთავრობის ვალის მაჩვენებელი კიდევ შემცირდება და მშპ-ის 39 პროცენტზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვა", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
16-11-2024
16-11-2024