24-03-2023
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის შეფასებით, ვერანაირი რევოლუციით და აყირავებით „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდება.
„ჩვენ გვჭირდება ჩვენი უსაფრთხოების და სუვერენიტეტის გაფრთხილება და ამაზე უნდა ვიყოთ თავიდან ბოლომდე კონცენტრირებული. ერთი რამ მინდა ვთხოვო რადიკალურ ოპოზიციას, რა თქმა უნდა, ამას ისინი არ შეასრულებენ, მაგრამ მინდა გთხოვოთ - დაასვენეთ ეს ქვეყანა! უბრალოდ დაასვენეთ ეს ქვეყანა! ძლივს ამოისუნთქა საქართველომ. ათი წლის განმავლობაში ჩვენ გამოვიარეთ ორი კრიზისი. პირველი იყო უკრაინის პირველი ომის შემდეგ 2015-16 წლები. რეგიონზე და მათ შორის საქართველოზე ამ ყველაფერს მძიმე ეკონომიკური შედეგები ჰქონდა. იყო ეკონომიკური და სავალუტო კრიზისი აღნიშნულ წლებში. ამის შემდეგ იყო კოვიდი, რამაც ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა ეკონომიკას. ამ 10 წლის განმავლობაში სამი წელი კრიზისული გვქონდა და ახლა ქვეყანამ ამოისუნთქა - გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, ორი წელია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს და გვაქვს იმის შანსი, რომ საბოლოო ჯამში, თავი დავაღწიოთ სიღარიბეს, რადიკალურად გავზარდოთ ეკონომიკური მაჩვენებლები და ასე შემდეგ. ამას ერთადერთი რამ სჭირდება - სჭირდება სიმშვიდე, სტაბილურობა, უსაფრთხოება და ყველა ეს ადამიანი, მთელი რადიკალური ოპოზიცია, უპირისპირდება სწორედ ამას. ხომ შეიძლება ცოტა ხანი მაინც დაასვენოთ ეს ქვეყანა?! საპარლამენტო არჩევნებამდე მაინც დაასვენეთ ქვეყანა, მაგრამ არა! თავის ბუნებას ისინი, ბუნებრივია, ვერ მოიშლიან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ქვეყნის პრემიერი, სამთავრობო და საპარლამენტო გუნდი, ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ განაგრძოს უსაფრთხო განვითარება და არ გაიხსნას მეორე ფრონტი.
„რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს ქვეყნის „უკრაინიზაციისთვის" და ამისთვის გინდათ გამოიყენოთ კანდიდატის სტატუსი, ნებისმიერი საბაბი, რომ ააყირავოთ ეს ქვეყანა და გამოიწვიოთ ქვეყანაში მეორე ფრონტი, მაგრამ ამის საშუალებას თქვენ არავინ არ მოგცემთ. ამის გარანტია პრემიერი, საქართველოს მთავრობა და მთლიანად ჩვენი მმართველი გუნდი. საქართველოში ვერავითარი რევოლუციებით, აყირავებით „ნაცმოძრაობა" ვერასდროს ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში. საქართველოში უზრუნველყოფილი იქნება მშვიდობა, სიმშვიდე და რა თქმა უნდა, გამორიცხულია საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას. ეს არის ჩვენი უსაფრთხოების პოლიტიკა", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024