29-03-2023
იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი მოსამართლე მაკა გველესიანის შესახებ „ტვ პირველზე“ გასულ სიუჟეტს აბსურდულს და ცილისმწამებლურს უწოდებს.
როგორც დიმიტრი გვრიტიშვილი Facebook-ის გვერდზე წერს, მოსამართლე მაკა გველესიანის გამგზავრება გამოწვეული იყო მისი პირადი, ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც თავად მაკა გველესიანმა ვრცელ განცხადებაში დეტალურად ახსნა.
„კერძოდ - ის, რომ მისი აშშ-ში გამგზავრების რეალური მიზეზი არის მისი შვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, რომელიც მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობასა და მედიკამენტოზურ მკურნალობას საჭიროებს, რაც, სამწუხაროდ, საქართველოში ვერ ხერხდება“.
მისივე თქმით, აღნიშნული პროვოკაციული სიუჟეტით და მუდმივი სპეკულაციით, ადამიანი და მისი ოჯახიც იმგვარი მორალური, ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ მოაქციეს, აიძულეს - საჯაროდ ესაუბრა უაღრესად პირადულ, დელიკატურ საკითხებზე.
„25 მარტს ,,TV პირველმა“ მორიგი აბსურდული, ცილისმწამებლური სიუჟეტი შესთავაზა საზოგადოებას, იმის შესახებ, თითქოს მოსამართლე მაკა გველესიანი ემიგრაციაში წავიდა (გაიქცა) ,,სასამართლოში არსებული გაუსაძლისი პირობების გამო“. ჩვენ, სასამართლო, მოსამართლეები, ყველანაირად ვეცადეთ - ქალბატონი მაკა გველესიანის აშშ-ში გამგზავრების რეალური მიზეზი (რაც ცნობილი იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის) ზოგადი ფორმულირებებით აგვეხსნა საზოგადოებისათვის, ანუ - ვამბობდით, რომ გამგზავრება გამოწვეული იყო მისი პირადი, ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე. ვინაიდან ამ საკითხით სპეკულირება მაინც გაგრძელდა, 29 მარტს თავად მაკა გველესიანმა გამოაქვეყნა ვრცელი განცხადება, სადაც დეტალურად ახსნა ყველაფერი, კერძოდ - ის, რომ მისი აშშ-ში გამგზავრების რეალური მიზეზი არის მისი შვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, რომელიც მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობასა და მედიკამენტოზურ მკურნალობას საჭიროებს, რაც, სამწუხაროდ, საქართველოში ვერ ხერხდება. ანუ, აღნიშნული პროვოკაციული სიუჟეტით და მუდმივი სპეკულაციით, ადამიანი და მისი ოჯახიც იმგვარი მორალური, ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ მოაქციეს, აიძულეს - საჯაროდ ესაუბრა უაღრესად პირადულ, დელიკატურ საკითხებზე.
ქართული მასმედიის ზოგიერთ საშუალებას და წარმომადგენელს მორალური სტანდარტები საერთოდ რომ არ გააჩნიათ, ეგ არახალია. თითქოს უკვე აღარც გვიკვირს, რომ ამ სუბიექტებს არაფრად უღირთ ცალკეული ადამიანის ღირსება, მისი პროფესიული რეპუტაცია, ასევე სახელმწიფო ინსტიტუციის - სასამართლოს ავტორიტეტი, ისე ესვრიან გამუდმებით ტალახს წლების მანძილზე წარმოებული, მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანიით, ოღონდ საკუთარ, პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიონ.
მაკა გველესიანის მიერ განცხადების გავრცელებით რა მოცემულობაა შექმნილი: ცხადია, რომ სასამართლოს დაზიანების ინტერესით მოქმედმა ,,ჟურნალისტებმა“ აიძულეს ადამიანი, თანაც ქალი, საჯაროდ ესაუბრა მისთვის ორმაგად მტკივნეულ თემაზე: გაემჟღავნებინა მისი შვილის ჯანმრთელობის შესახებ კანონით დაცული, განსაკუთრებული პერსონალური მონაცემები, რის გამოც წარმატებულმა მოსამართლემ უარი თქვა კარიერაზე და დედის მოვალეობის სათანადოდ შესრულების მიზნით დატოვა სამშობლოც.
მე მაინტერესებს საქართველოში მოქმედი ე.წ. არასამთავრობო სექტორის, ასევე - სხვა იმ აქტორების შეფასება ამ კონკრეტულ ვითარებაზე, რომლებსაც აქვთ პრეტენზია სახელმწიფოში დემოკრატიის განვითარების მსახურებაზე, რადგანაც დემოკრატიის ქვაკუთხედიც ხომ სწორედ ადამიანის უფლებათა პატივისცემა და დაცვაა; მათი განსაკუთრებული ყურადღება ხომ მოწყვლადი ჯგუფების - ქალების და ბავშვების უფლებების დაცვისკენაა ხოლმე მიმართული. მაინტერესებს, აღნიშნული აქტორები შეაფასებენ თუ არა შექმნილ ვითარებას ობიექტურად; ანუ, მიუდგებიან თუ არა ისეთივე სტანდარტებით აღნიშნულ მაუწყებელს და ,,ჟურნალისტებს“, როგორი სტანდარტებითაც კრიტიკის, თავდასხმის ობიექტად აქცევენ ხოლმე სხვა, მათთვის არასასურველი ორგანიზაციების თუ უწყებების წარმომადგენელთა მოქმედებებს.
თუ, როგორც სჩვევიათ, თავიანთ ,,რაპორტებში“ კვლავაც შეეცდებიან ამტკიცონ, რომ სახეზეა ,,სასამართლო კლანის“ მიერ დევნილი და უცხოეთში გადახვეწილი კიდევ ერთი მოსამართლე?!“ - წერს დიმიტრი გვრიტიშვილი.
16-11-2024
16-11-2024