3-04-2023
საქართველოს მთავრობამ „საქართველოს საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი დაამტკიცა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარდგენილი პროექტი ითვალისწინებს აჭარის, სამეგრელოს და გურიის სანაპირო ზოლში 8 ლოკაციის გამოყოფას, სადაც, საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციით, შესაძლებელია აკვაკულტურის ფერმების - თევზის (3 ლოკაცია) და მოლუსკის (5 ლოკაცია) - მოწყობა.
როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, აკვაკულტურის დარგის განვითარებას დიდი პოტენციალი აქვს. ზონების პროექტის დამტკიცების შემდეგ, დაგეგმილია ზონების მართვის გეგმებისა და ინვესტორთა წინადადებების განხილვის საფუძველზე დამატებითი სანებართვო პირობების განსაზღვრა და კანონმდებლობით განსაზღვრული წესით აკვაკულტურის ნებართვების გაცემა, რაც გააჩენს საშუალებას აკვაკულტურის მიმართულებით მსხვილი ინვესტიციების მოზიდვისთვის და რაც ნიშნავს ათეულ ათასობით ტონა თევზის და სხვადასხვა სახეობის ზღვის პროდუქტის წარმოების შესაძლებლობას და, ეტაპობრივად, დაახლოებით, ასეულობით მილიონი დოლარის საექსპორტო პოტენციალის ათვისებას.
„ვფიქრობ, რომ გვაქვს შესაძლებლობა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვაწარმოოთ მეტი პროდუქცია, რათა პირველ რიგში დავაკმაყოფილოთ ადგილობრივ ბაზარზე არსებული მოთხოვნა, დავასაქმოთ უფრო მეტი ადამიანი და რა თქმა უნდა, გავზარდოთ მნიშვნელოვნად საექსპორტო შესაძლებლობები“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
„აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საზღვაო წყლებში აკვაკულტურის წარმოება დასაშვებია მხოლოდ აკვაკულტურისთვის გამოყოფილ ზონებში, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სივრცის დაგეგმარების ფარგლებში, სამეცნიერო, სოციალური, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. პროექტით წარმოდგენილი აკვაკულტურის ზონები არ მოიცავს დაცულ ან აკრძალულ ზღვის უბნებს.
აღსანიშნავია, რომ აკვაკულტურის ზონების ძირითადი რეკომენდაციები სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასა (FAO) და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით, ასევე, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით მომზადდა.
ზონების დადგენა ხელს შეუწყობს საქართველოში აკვაკულტურის დარგის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.
16-11-2024
16-11-2024