22-04-2023
ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის ფარგლებში, პროექტი „ჯანმრთელობისა და ეკოლოგიური რისკების რაოდენობრივი განსაზღვრა და ბათუმის ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიის რეაბილიტაციის ხელშეწყობა“ მიმდინარეობს.
აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებული საკითხები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა პეტრ მიკისკამსამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.
„მადლობას ვუხდი ჩეხეთის საელჩოსა და ჩეხეთის განითარების სააგენტოს წლების განმავლობაში გაწეული თანამშრომლობისთვის. ბათუმში მიმდინარე პროექტის მთავარი მიზანია დაბინძურების ადგილის დეტალური გამოკვლევა, ტერიტორიის რემიდიაცია და სახიფათო ნარჩენების იდენტიფიკაცია. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შემუშავებული კვლევა,შესაძლებელია, სხვა ტერიტორიებზე მსგავსი გამოწვევების გადასაჭრელადაც გამოვიყენოთ”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
შეხვედრაზე ბათუმის ყოფილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის ეკოლოგიური შეფასება წარადგინეს. პროექტის მიზანია, დეტალური კვლევის საშუალებით დადგინდეს ბათუმის ყოფილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე დაბინძურების ცალკეული წყაროები, განისაზღვროს ეკოლოგიური და ჯანმრთელობის რისკები და შეფასდეს სარეაბილიტაციო პროექტის დოკუმენტაციაში გამოსასწორებელი ზომები.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება პოტენციური აღდგენითი ღონისძიებების ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასება, რომელიც შემუშავებული იქნება წინასწარ ჩატარებული კვლევის შედეგების საფუძველზე. შეფასების ფარგლებში შესწავლილი იქნება სარეაბილიტაციო ღონისძიებების ტექნიკური და საინვესტიციო (ფინანსური) ასპექტები; შემუშავდება რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაცია.
16-11-2024
16-11-2024