11-05-2023
„რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს - არის ხელოვნურად მწვავე და პრაგმატული შეხედულებები“,- ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, რუსეთში, არაოფიციალური მონაცემებით საქართველოს 900 000-ზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, რუსეთის მიერ დაწესებული სავიზო რეჟიმის რუსეთის მიერვე მოხსნა სასიკეთო ძვრაა იქ მცხოვრები ქართველებისთვის, რომელთაც ძალიან დიდი თანხის გადახდა უწევდათ საკუთარ ქვეყანაში დასაბრუნებლად.
„რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ, ძალიან მალე, 2012 წელს, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებით, საქართველოში რუსეთიდან შემოსასვლელად ვიზა აღარ სჭირდებოდათ. სააკაშვილი ამ გადაწყვეტილებით ამაყობდა და მას ამართლებდა იმით, რომ რუსეთისთვის უნდა ენახებინა, თუ რა კარგები ვართ ქართველები; რომ ისინი კიდევ უფრო მეტად უნდა დამტკბარიყვნენ ქართული ბუნებით, ღვინითა და მინერალური წყლებით.
მაშინ ეს პოლიტიკა, რატომღაც, მისაღები იყო. გვახსოვს ისიც, თუ როგორ ხვდებოდა სააკაშვილი ლარსზე რუს ტურისტებს, ეპატიჟებოდა და მათთან „სელფებს“ იღებდა. მოვიძიე პიუს კვლევითი ცენტრის მიერ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება, რომ რუსეთში ოფიციალურად 450 000 მოქალაქე არის ქართველი, არაოფიციალური მონაცემებით კი - 900 000-ზე მეტი.
გამოდის, რომ რუსეთში დიდი დიასპორა გვყავს. აქედან გამომდინარე, რუსეთის მიერ დაწესებული სავიზო რეჟიმის რუსეთის მიერვე მოხსნა, პირველ რიგში, სასიკეთო ძვრაა იქ მცხოვრები ქართველებისთვის, რომელთაც ძალიან დიდი თანხის გადახდა უწევდათ იმისთვის, რომ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებულიყვნენ. ყველას ნამდვილად არ ჰქონდა იმის საშუალება, რომ მესამე ქვეყნიდან შემოსულიყო სამშობლოში. ეს მოცემულობა, რა თქმა უნდა, არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ, რომ ის ოკუპანტია. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რადგან საუბარია 900 000-მდე ქართველზე, რომლებიც, შესაძლოა დაბრუნდნენ საქართველოში, ან ისეთი ეკონომიკური საქმიანობა განახორციელონ, რაც საქართველოს ეკონომიკურ კეთილდღეობას განაპირობებს“, - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.
16-11-2024
16-11-2024