16-05-2023
„დეპუტატებზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის უფლებას არ გავცემ 125 დღეა და ამ 125 დღის განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატი 160-ჯერ და ოჯახის წევრი 240-ჯერ იმყოფებოდა. გარდა ამისა, ის მოინახულეს ომბუდსმენმა და მისმა წარმომადგენლებმა. ასე რომ, მას ყოველდღიურად რამდენიმე ვიზიტორი ჰყავს და საუბარი იმაზე, რომ საჭიროა დამატებითი საპარლამენტო კონტროლი და დეპუტატის მხრიდან პირობების გაცნობა, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად აცდენილია რეალობას,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც დეპუტატ თამარ კორძაიას მიერ სასამართლოში შეტანილ სარჩელს გამოეხმაურა.
მისი თქმით, თამარ კორძაიამ დაადასტურა, რომ მას სასამართლოს მიმართ ნდობა აქვს.
რაც შეეხება თავად სარჩელის შინაარსს, სასამართლო გასცემს ამ საკითხს პასუხს. ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობილია და აქედან გამომდინარე, მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ იქნება სხვანაირი გადაწყვეტილება, არ მაქვს. ეს გახლავთ დისკრეცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და ამ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ვმოქმედებ, როდესაც გავცემ მიმართვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლისას. შარშან, როდესაც შედიოდნენ დეპუტატები მიხეილ სააკაშვილთან, აბსოლუტურად აცდენილი იყო მიზანს, რომელიც შეიძლება ჰქონდეს და ეს უფლება მიანიჭოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ეს იქცა ჩვეულებრივ მონახულებად პატიმრისა და კიდევ სხვა მიზეზებიდან გამომდინარე, რომლებიც არაერთხელ განვმარტე, აღარ ვანიჭებ უფლებამოსილებას დეპუტატებს, რომ შევიდნენ მიხეილ სააკაშვილთან.
რაც შეეხება იმას, თითქოს დეპუტატების შესვლა მიხეილ სააკაშვილთან საჭიროა იმისთვის, რომ გაეცნონ მის პირობებს და ამით გარკვეული მონიტორინგი განახორციელონ, ამას არავითარი საფუძველი არ აქვს. დეპუტატებზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის უფლებას არ გავცემ 125 დღეა და ამ 125 დღის განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატი 160-ჯერ და ოჯახის წევრი 240-ჯერ იმყოფებოდა. გარდა ამისა, ის მოინახულეს ომბუდსმენმა და მისმა წარმომადგენლებმა. ასე რომ, მას ყოველდღიურად რამდენიმე ვიზიტორი ჰყავს და საუბარი იმაზე, რომ საჭიროა დამატებითი საპარლამენტო კონტროლი და დეპუტატის მხრიდან პირობების გაცნობა, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად აცდენილია რეალობას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის წევრის თამარ კორძაიას სარჩელი წარმოებაში მიიღო. შესაბამის ინფორმაციას თამარ კორძაია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც კორძაია აღნიშნავს, საქმე ეხება პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებას, განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდოს პარლამენტის წევრებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება.
16-11-2024
16-11-2024