29-05-2023
„სალომე ზურაბიშვილის სიტყვა 26 მაისს, სავარაუდოდ, დაკვეთა იყო, რათა მას სიტუაცია გაემწვავებინა. პრეზიდენტმა, რომელიც გამაერთიანებელი და ზეპარტიული უნდა იყოს, გაუგონარი სიტყვა წარმოთქვა. იგრძნობა, რომ სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის მხარეს არის გადახრილი და დაკვეთებს ასრულებს“, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება, რომ უნდა დაიცვან პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც კი, როდესაც ამ ინსტიტუტის პრესტიჟს თავად მოქმედი პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს, პატივსაცემია.
„წლევანდელ 26 მაისს საკმაოდ კარგი განწყობა იყო საზოგადოებაში. გაფორმებაც ძალიან კარგი იყო და ყველას საზეიმო განწყობა ჰქონდა. ერთადერთი, ოპოზიციამ სცადა ამის გაფუჭება ევროკავშირის დროშებთან დაკავშირებით თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით, რომელიც აშკარად დაკვეთა იყო, რომ როგორმე სიტუაცია დაეძაბათ, მაგრამ ამის შესრულებაში ხელი მოეცარათ. მათ სურთ, რომ რევოლუციური მუხტი არსებობდეს საქართველოში, რასაც ვერ მიაღწიეს. ყველა თემას ამ საკითხისთვის იყენებენ. პრეზიდენტის სიტყვაც, სავარაუდოდ, დაკვეთა იყო, რათა მას სიტუაცია გაემწვავებინა. რადგან არაფერში არ ჯდება საზეიმო აღლუმზე ის სიტყვა, რაც მან წარმოთქვა. არაფერ შუაშია ამ დროს პოზიცია-ოპოზიცია, ეს არის ეროვნული დღესასწაული, ჩვენი დამოუკიდებლობის დღე, სადაც ყველა - ბავშვიდან დაწყებული, ხანდაზმულით დასრულებული, ზეიმობს. ამ დროს პრეზიდენტმა, რომელიც გამაერთიანებელი უნდა იყოს, ზეპარტიული, რადგან პრეზიდენტის დღევანდელი პოსტი კონსტიტუციით სწორედ ამას გულისხმობს და თუ სადმე პოლარიზაცია არსებობს, იმის შემაკავშირებელი უნდა იყოს, ამის ნაცვლად, გაუგონარი სიტყვა წარმოთქვა. იგრძნობა, რომ სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის მხარეს არის გადახრილი და დაკვეთებს ასრულებს.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება, რომ უნდა დაიცვან პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც კი, როდესაც ამ ინსტიტუტის პრესტიჟს თავად მოქმედი პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ამ გამოსვლამ საზოგადოებაში საკმაოდ დიდი პროტესტი გამოიწვია, პატივსაცემია. 2012 წელსაც, როცა „ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ასეთი გზავნილი იყო, რომ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ქვეყანას. აქაც იგივე გზავნილია - მიუხედავად გაბრაზებისა და გაღიზიანებისა, ჩვენი ვალდებულებაც არის, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი დავიცვათ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024