პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები სერჟანტთა აკადემიას ეწვივნენ
2-06-2023
საქართველოს თავდაცვის ძალების გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრები ეწვივნენ. მათ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ უმასპინძლეს.
სერჟანტთა აკადემიაში დეპუტატებისთვის სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, სადაც ისინი აკადემიის ისტორიას გაეცნენ, დეტალური ინფორმაცია მიიღეს სტრუქტურის, ამოცანებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. სტუმრებმა ბაზის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს, ასევე სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ და კვებით პირობებს გაეცნენ.
კანონმდებლები უფროსი სერჟანტის და სამეთაურო-საშტაბო კურსების ერთობლივი სწავლების მიმდინარეობას დაესწრნენ. სტუმრები ოცეულის სერჟანტების საველე პირობებში დრონების გამოყენების სწავლებას და ათეულის მეთაურების საბრძოლო ვარჯიშებს ადგილზე დააკვირდნენ.
ღონისძიების დასასრულს, კოჯორში თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატებმა და წვრთნებისა და სამხედრო განათლებისა სარდალმა, გვირგვინით შეამკეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ინტენსიურად ეცნობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი უწყებების საქმიანობას.