17-06-2023
"7 მარტს, ისევე როგორც 2022 წლის ივნისს-ივლისში ორგანიზებულ აქციას არ ჰყავდა გამოკვეთილი ლიდერი და შესაბამისად ვერ ხერხდებოდა დასახული ამოცანების შესრულება. ა.შ.შ.-ს სპეცსამსახურებისთვის ქართული ოპოზიციის ეს “აქილევსის ქუსლი“ რა თქმა უნდა ცნობილი იყო," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი წერს.
იგი აანალიზებს მიმდინარე წლის მარტში საქართველოში ჩატარებულ საპროტესტო აქციებს და პარალელს ავლებს 2014 წელს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან.
“ხალხის ძალის“ კანონპროექტის დაანონსებასთან ერთად დაწყებული იქნა მძლავრი მედია-კამპანია ("რუსული კანონი") - ა.შ.შ.-სთვის უკვე ძალიან კარგად იყო ცნობილი საზოგადოების სუსტი წერტილი („შინ ევროპისკენ“ აქციებიდან გამომდინარე). შედეგად, მიმდინარეობდა საინფორმაციო თავდასხმა, რომელშიც პირდაპირ ჩაერთნენ ა.შ.შ.-ს და ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები.
ისინი საჯაროდ, დაუფარავად ეხმარებოდნენ ოპოზიციას/არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა მათ შეძლებოდათ ქვეყნის ევროპული მომავლისა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უარყოფით კონტექსტში დაკავშირება, რამაც საბოლოო ჯამში შექმნა მაღალი რისკები: ანალოგიური სურათი დაფიქსირდა 2014 წელს უკრაინაში, როდესაც იანუკოვიჩის „რუსული“ ხელისუფლება, პრაქტიკულად გამოცხადდა ევროპულ მომავალთან შეუთავსებელ ძალად.
ხსენებული ტაქტიკა ამუშავდა აქაც და 2023 წლის 7 მარტს, პარლამენტის წინ მივიღეთ მძლავრი აქცია, რომლის ძირითად ბირთვს წარმოადგენდნენ სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც პირდაპირი და ირიბი კავშირი ჰქონდათ „ფრანკლინის კლუბთან”.
ერთი შეხედვით ქაოტურად მოქმედ ჯგუფებს, ჰყავდა ახალგაზრდების ცალკეული ბირთვი, რომლებიც ამზადებდნენ მოლოტოვის კოქტეილებს, იქცეოდნენ ისე, რომ თითქოს მიღებული ინსტრუქტაჟის დონეზე იცოდნენ რა უნდა ექნათ და მიდიოდნენ აშკარა პროვოკაციებზე, ხოლო ოპოზიციური პარტიები თავად აღნიშნავდნენ, რომ ისინი „ვერ აკონტროლებენ“ აქციაზე მიმდინარე პროცესებს. ფაქტია, რომ 7 მარტს, ისევე როგორც 2022 წლის ივნისს-ივლისში ორგანიზებულ აქციას არ ჰყავდა გამოკვეთილი ლიდერი და შესაბამისად ვერ ხერხდებოდა დასახული ამოცანების შესრულება. ა.შ.შ.-ს სპეცსამსახურებისთვის ქართული ოპოზიციის ეს “აქილევსის ქუსლი“ რა თქმა უნდა ცნობილი იყო.
სწორედ ამიტომ იქნა ორგანიზებული 2021 წელს მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოყვანა, ხოლო შემდგომ აქცენტი გაკეთდა გახარიასა და სხვა პირებზე - რასაც დაწვრილებით განვიხილავთ. ა.შ.შ.-ს ელჩის კელი დეგნანის პირადი სიმპატიის გათვალისწინებით, მსგავს ლიდერად განიხილებოდა და განიხილება გიორგი გახარია, რომელიც რეგულარულად დადის ვიზიტებით ა.შ.შ.-ში (უკანასკნელად იმყოფებოდა 2023 წლის იანვარში): ჩამოსვლისთანავე, მან თანამდებობის დატოვებიდან პირველად, საჯარო ბრიფინგზე დაადანაშაულა ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან კავშირში, შემდგომ იყო ინგა გრიგოლიასთან, "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუ.
ამასთანავე, მისი ფეისბუქ-გვერდის მონიტორინგმა გვიჩვენა, რომ ის ხარჯავს კოლოსალურ თანხებს რეკლამებში (აქტიურობა დაიწყო 2022 წლის დეკემბერიდან და სისტემატიურად ხდება პოსტების დაწერა და მათი რეკლამირება). გიორგი გახარია გამიზნულად იქნა მიყვანილი მარტის აქციაზე, რათა შესწავლილი ყოფილიყო საზოგადოების განწყობა, თუმცა 8 მარტის აქციაზე მას არ ჰქონია „თბილი მიღება“ და მან მალევე დატოვა მიმდებარე ტერიტორია. მნიშვნელოვანია, რომ მასთან ერთად აქტიურობა დაიწყეს: გიორგი კვირიკაშვილმა, მიხეილ ჯანელიძემ და ამირან გამყრელიძემ, რომლებიც ასევე შესაძლოა მოქმედებდნენ ამერიკული მხარის კარნახით და უახლოესს მომავალში არაა გამორიცხული, ვიხილოთ ისინი და კიდევ სხვებიც გახარიას გუნდში (23 თებერვალს, ინგა გრიგოლიასთან გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილი და დავით უსუფაშვილი იყვნენ ის პირები, ვინც ბიძინა ივანიშვილს, პირად თხოვნებსა თუ დავალებებზე ეუბნებოდნენ „არას“). შესაძლოა ერთ-ერთ ლიდერად განიხილებოდა ნინო ლომჯარიაც, თუმცა მან სიტყვით გამოსვლისას ასევე ვერ შეძლო საჭირო ემოციის გამოწვევა (შევთანხმდეთ - როგორც „მუხტის ამწევი“ ორატორი ის უსუსტესია).
აღსანიშნავია, რომ 8 მარტის აქციის შემდგომ, ნინო ლომჯარიამ გააკრიტიკა გიორგი ვაშაძე, რაც თანხვედრაში მოვიდა USAID-ის თანამშრომლების მოსაზრებასთან. მ.წ. 8 მარტს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე გიორგი ვაშაძის მოწოდებაზე პარლამენტისთვის ალყის შემორტყმასთან დაკავშირებით, უკმაყოფილება გამოხატა რუსუდან ტაბატაძემ, რომელმაც გააკრიტიკა ვაშაძისა და ხაბეიშვილის ტაქტიკა („აფუჭებენ სიტუაციას და აგდებენ მუხტს მშვიდობიან აქციაზე“), რაშიც მას დაეთანხმა USAID-ის მისიის „დემოკრატიის მიმართულების“ ხელმძღვანელი ქეთევან ბაქრაძე. "ალყის შემორტყმა" ასევე უაზრო გადაწყვეტილებად მიიჩნია ა.შ.შ.-ის იუსტიციის დეპარტამენტის მრჩეველმა საქართველოში ნატა წნორიაშვილმა, რომლის შვილიც ასევე იმყოფებოდა აქციებზე. რა გაეწყობა, ცოტა ხანში გავაგრძელოთ - to be continued.." - წერს დავით ქართველიშვილი.
16-11-2024
16-11-2024