გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნოდარ პაპუკაშვილი საქართველოსა და გერმანიას შორის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ სამთავრობო მოლაპარაკებებში მონაწილეობს

20-06-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ბერლინში მონაწილეობას იღებს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ სამთავრობო მოლაპარაკებებში.


შეხვედრების ფარგლებში მხარეები განიხილავენ გერმანიის მხარდაჭერით დაფინანსებული საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების პროექტების მიმდინარეობის ეტაპებს, გერმანიის ფინანსური და ტექნიკური დახმარების სამომავლო პერსპექტივებსა და თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებს.

მიმდინარე სამთავრობო მოლაპარაკებების ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით სამი პრიორიტეტული თემა გამოიყო. ესენია:

  • ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი „საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის პროგრამის" ფარგლებში საჯარო სკოლების ენერგოეფექტური რეაბილიტაცია საქართველოს მასშტაბით.
  • აქტიური თანამშრომლობის გაგრძელება ახალი, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ექსელენს ცენტრების (centers of excellence) განვითარების მიმართულებით, რაც გულისხმობს პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურის ფართომასშტაბიან გაუმჯობესებას, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საგანმანათლებლო ჰაბების განვითარებას და სწავლების ინოვაციური მეთოდოლოგიის დანერგვას (სამშენებლო და ლოგისტიკის სექტორებში).
  • სამთავრობო მოლაპარაკებების ფარგლებში, ქართულმა მხარემ გამოხატა სურვილი და მზაობა, გააფართოოს თანამშრომლობა განათლების, მეცნიერებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურ სამინისტროსთან. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავება.

განათლებისა და მეცნიერების სფეროებში გერმანულ მხარესთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის განათლებისა და კვლევის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ეწვევა.


აღსანიშნავია, რომ განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორია. გერმანულ მხარესთან თანამშრომლობა მიმართულია ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროებში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერისკენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930