გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რა ხდება ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ “დინამო”-ში და რას მალავს მისი გენერალური დირექტორი

27-06-2023

ა.ა.ი.პ. ფიზკულტურულ-სპორტული კლუბ “დინამოს” ხელმძღვანელობა საჯარო ინფორმაციას მალავს.


საინფორმაციო სააგენტო “ნიუსპრესის” მიერ კლუბის გენერალური დირექტორის, ზაქრო ვარაზაშვილის სახელზე გაგზავნილი წერილი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, ამ დრომდე პასუხგაუცემელია, რითაც დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლი.


“საქართველოს ფოსტის” მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, წერილი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ, ადრესატმა მიმდინარე წლის 15 ივნისს მიიღო.


საინფორმაციო სააგენტო ზაქრო ვარაზაშვილისგან ან/და საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირისგან ითხოვდა ფიზკულტურულ-სპორტული კლუბ “დინამოს” ფინანსური დანახარჯების შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე, ბოლო წლების განმავლობაში კლუბის ბალანსზე არსებული და გასხვისებული ქონების რეესტრს, გასხვისების ფორმას, საწყისი ლოტის ოდენობას, სარეალიზაციო ფასებს და ასე შემდეგ…


გარდა ამისა, ჩვენ მიერ გაგზავნილ წერილში მოთხოვნილი იყო ინფორმაცია ტენდერების, პირდაპირი შესყიდვის წესით განხორციელებული ხარჯების, აგრეთვე კლუბის ქონების იჯარიდან მიღებული შემოსავლების შესახებ.


საჯარო ინფორმაციის აღნიშნული მოთხოვნა ფიზკულტურულ-სპორტული კლუბ “დინამოს” მიერ იქნა აბსოლუტურად იგნორირებული, რის გამოც, საინფორმაციო სააგენტო “ნიუსპრესი” იტოვებს უფლებას, მისთვის საინტერესო ინფორმაცია მიიღოს სასამართლოს გზით და აღნიშნული ინფორმაციის მიღების უზრუნველსაყოფად ის სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს.


ამასთან, საინფორმაციო სააგენტო “ნიუსპრესი” იტოვებს უფლებას, მიღებული ინფორმაციის დამუშავების შემდეგ, ნებისმიერი ოპერაციის შესახებ ინფორმაცია, რომელიც კითხვის ნიშნებს გააჩენს, შესაბამის უწყებებს მიაწოდოს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930