30-06-2023
ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბოდიში უნდა მოიხადონ ყოველ დღე ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანებისთვის, არაერთი ბინძური სტატია შეუკვეთეს მთელს ევროპაში, მათ შორის იმ ქვეყნებში, სადაც ხდებოდა სწორედაც სანქციების დარღვევა, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საკუთარი ქვეყნის მტრობა და მავნებლობაა, როცა ყოველგვარი ფაქტების და საფუძვლის გარეშე, საკუთარ ქვეყანას ბრალს სდებენ, ცილს სწამებენ, რომ თურმე აქ ხდება სანქციების გვერდის ავლა და საქართველო გადაქცეულია, „შავ ხვრელად".
„მე მინდა შევუტრიალო ეს კითხვა ჩვენს უპასუხისმგებლო, მავნებელ ოპოზიციას. თქვენ გახსოვთ, რომ ერთ წელზე მეტია სწორედ მავნებელი ოპოზიცია, ეს არის მავნებლობა, როცა ყოველგვარი ფაქტების გარეშე, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, საკუთარ ქვეყანას ბრალს სდებ, ცილს სწამებ, რომ თურმე აქ ხდება სანქციების გვერდის ავლა და საქართველო გადაქცეულია, როგორც ისინი იტყოდნენ, „შავ ხვრელად" და აშ.., ამას ჰქვია საკუთარი ქვეყნის მტრობა და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლობა. აი, ამას სჩადიოდნენ ეს ადამიანები. დღეს რომ აღარ არიან და ვერ მოისმენენ სიმართლეს. სიმართლის მოსმენა უჭირთ, ისე არიან გაუბედურებულები, კიდევ გავიმეორებ. ამიტომ, ბოდიში უნდა მოიხადონ ყოველ დღე ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანებისთვის. არაერთი ბინძური სტატია შეუკვეთეს მათ და მათმა ლობისტებმა მთელს ევროპაში, მათ შორის იმ ქვეყნებში, სადაც ხდებოდა სწორედაც სანქციების დარღვევა.
მე არ მინდა შეგნებულად ჩამოვთვალო. ამ სიტუაციაში მე არ ვთვლი მიზანშეწონილად, რომ ჩამოვთვალო ის ქვეყნები. იმ ქვეყნებში ხდებოდა სანქციების დარღვევა, ჩვენ აქეთ დავეხმარეთ, 1300 შემთხვევა გამოვუვლინეთ, ამაზე ღიად არ ვსაუბრობდით შეგნებულად, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და აი ეს მავნებელი ოპოზიცია აგრძელებდა მტრულ საქმიანობას და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ უკვეთავდა ათეულობით სტატიას ყოველკვირა, ევროპის თითქმის ყველა დედაქალაქში, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს ჩვენ სანქციების გვერდის ავლის მთავარი ცენტრი გავხდით, ჰაბი გავხდით და აშ.. ნული ფაქტი, მეგობრებო, არც ერთი ფაქტი არ იქნა წარმოდგენილი. ამას გეუბნებით მე, როგორც მთავრობის მეთაური და ამას ამბობს ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი. თქვენ გახსოვთ, თვეების წინ გამოვიდა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, სადაც მკაფიოდ და ხმამაღლა ითქვა შემდეგი, რომ ქართული საფინანსო ინსტიტუტები, მთელი ფინანსური სისტემა მუშაობს ეფექტურად და არ ხდება სანქციების გვერდის ავლა და დარღვევა. ამაზე მკაფიო განცხადება არ ვიცი რა შეიძლება ყოფილიყო. ახლა ჩამოვიდა ბატონი ო ბრაიენი და სხვა ბატონები, სალივანი და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი. მათაც მკაფიოდ, კიდევ ერთხელ საჯაროდ განმარტეს, რომ ისინი მადლიერნი არიან ჩვენთან თანამშრომლობით, ჩვენ შევთანხმდით, ძალიან ბევრი ღია საუბარი გვქონდა. ვისაუბრეთ რისკებზეც, მათ შორის შევთანხმდით კიდევ რა თქმა უნდა, ამ თანამშრომლობის გაგრძელებაზე და საჯაროდ თქვეს, რომ კითხვები არ არსებობს და მთავრობას აქვს შექმნილი მონიტორინგის და კონტროლის ეფექტური სისტემა. ჩვენ ვართ კეთილსინდისიერი პარტნიორები და ვიცავთ ჩვენს წესებს. რასაც ვამბობთ, იმას ვასრულებთ ჩვენი საქმით და ქმედებით",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
16-11-2024
16-11-2024