11-07-2023
„აქ ქალბატონმა ხატია დეკანოიძემ თქვა, მარტო წვრთნები კი არ უნდა ჩატარებულიყო, დღეს როგორც არის უკრაინა, საქართველოც უკრაინასთან ერთად უნდა ყოფილიყოო. ანუ რასაც ჩვენ ვამბობთ, „ხალხის ძალა“, რომ ოპოზიციის მხრიდან არის მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით მოწოდებები, სწორედ ამას ამბობს ოპოზიცია“, - ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ ვინმე იმსახურებს NATO-ს წევრობას, ეს სწორედ საქართველოა, რადგან ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საკმაოდ სოლიდურად იყო წარმოდგენილი და ყველა პირობა შეასრულა, ხოლო ახლა პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული და როგორი იქნება ეს გადაწყვეტილება, ეს NATO-ს ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია.
„საზოგადოება უსმენდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, პარლამენტის წევრებს. საუბარი იყო ძირითადად, NATO-ს სამიტთან დაკავშირებით და საუბარი იყო იმაზე და ოპოზიციის მიერ მტკიცებულებები იყო წარმოდგენილი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იმსახურებს დღეს საქართველო NATO-ს წევრობას და რომ არაფერია გაკეთებული NATO-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. არ ვიცი, რა შეიძლება უწოდო იმ ადამიანს, პარლამენტის წევრს ოპოზიციიდან, რომელიც საქართველოზე ლაპარაკობს, რომელსაც ჰყავს ის ჯარისკაცები, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებს. ასეთი სამ ათეულზე მეთია ჩვენი სამხედრო მოსამსახურე. ასეულობით ჯარისკაცია, რომელმაც ჯანმრთელობა დადო საერთაშორისო მისიებში. ეს NATO-ს ინტეგრაციის პროექტში არ იყო?
აქ ქალბატონმა ხატია დეკანოიძემ თქვა, მარტო წვრთნები კი არ უნდა ჩატარებულიყო, დღეს როგორც არის უკრაინა, საქართველოც უკრაინასთან ერთად უნდა ყოფილიყოო. ანუ რასაც ჩვენ ვამბობთ, „ხალხის ძალა“, რომ ოპოზიციის მხრიდან არის მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით მოწოდებები, სწორედ ამას ამბობს ოპოზიცია. ეს რას ნიშნავს? სამწუხაროდ, დღეს უკრაინა რომ ომშია, ასე უნდა ვყოფილიყავით ჩვენც და მაშინ შეიძლება ეთქვათ, რომ NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რაღაც შეღავათები გვექნება? თუმცა, სამწუხაროდ, არც უკრაინას აქვს რაიმე გარანტიები. ჩვენ კარგად ვიცით საჯარო განცხადებები, მათ შორის, შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ უკრაინამაც უნდა გაიაროს ყველა ის ეტაპი, რაც NATO-ს წევრმა ქვეყნებმა გაიარეს. მაშინ რაზეა საუბარი? რატომ ერთს არ გაგახსენდათ ჩვენი ქვეყანა? აქ ხომ არ არის საუბარი „ხალხის ძალაზე“, არც „ქართულ ოცნებაზე“, არამედ საქართველოზეა საუბარი, თქვენ საუბრობდით საქართველოზე, თუ რატომ არ ეკუთვნის ჯერ კანდიდატის სტატუსი, ხოლო ახლა ნატოში გაწევრიანება.
მოვიყვან მონაცემებს, რომლებიც არის არა ჩვენი, არამედ საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დადებული - კორუფციის აღქმის ინდექსით NATO-ს წევრ 16 ქვეყანას ვუსწრებთ, კანონის უზენაესობის ინდექსით ვუსწრებთ NATO-ს წევრ 4 ქვეყანას, გამჭვირვალობის ინდექსით - 17 ქვეყანას, ინტერნეტის თავისუფლების ინდექსით - NATO-ს წევრ 6 ქვეყანას, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით - NATO-ს წევრ 15 ქვეყანას, ბიუჯეტის გამჭვირვალობით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ, ავღანეთის მისიაში ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი მონაწილეობა გვაქვს მიღებული - აბსოლუტურ რაოდენობაში მეოთხე ადგილზე ვართ შეერთებული შტატების, გერმანიის და იტალიის შემდეგ. ეს ჩვენი მონაცემები კი არ არის და „ხალხის ძალაზე“ ან „ქართულ ოცნებაზე“ კი არ არის აქ საუბარი, არამედ საქართველოზეა საუბარი და თქვენ გამოხვედით და არცერთს არ გიხსენებიათ ეს. რა თქმა უნდა, საზოგადოება იტყვის იმას, რომ არის ოპოზიცია, რომელსაც არ სურს არც კანდიდატის სტატუსი და არც საქართველოს NATO-ში გაწევრიანება. როგორ შეიძლება ამ ოჯახებს თქვენი გულწრფელობა დაანახოთ ოპოზიციაში, რომ გინდათ ხელისუფლებაში მოსვლა, როდესაც ხალხმა სიცოცხლე დადო და ჯანმრთელობა შესწირა ამ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებს.
ამავდროულად, ჩვენმა კოლეგამ კარგად ახსნა, რომ NATO-ს არაწევრ არც ერთ ქვეყანაში არ ჩატარებულა იმდენი წვრთნები, რაც ჩატარდა საქართველოში, მათ შორის, ჩატარდა სამხედრო კომიტეტის სხდომები, რაც უპრეცედენტო იყო - ჩატარდა ბრიუსელში და ასევე, საქართველოში. NATO-ს ხელმძღვანელობას გაკეთებული აქვს არაერთი განცხადება, რომ საქართველო თავსებადია, მათ შორის, მეც გახლდით ნატოს შტაბბინაში, სადაც პირდაპირ გვითხრეს, რომ თქვენ ხართ თავსებადი, უბრალოდ ახლა საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება თქვენ იცით, როგორ, რატომ და რისთვის მიიღება. ამიტომ, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ იცოდეს - საქართველო თავსებადია NATO-შიგაწევრიანებასთან დაკავშირებით. უბრალოდ, ახლა გადაწყვეტილება როგორი იქნება, ეს არის ნატოს ხელმძღვანელობაზე და საქართველო ამ მხრივ, არის პირნათელი“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024