გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: თუ „ხალხის ძალა“ იტყვის, რომ მაგალითად, არასამთავრობო სექტორში ფინანსური გამჭვირვალობა აუცილებელია, ეს არის რუსული, მაგრამ თუკი იგივეს იტყვის ევროპარლამენტარი და ევროპარლამენტი, მაშინ ეს არის ევროპული

13-07-2023

„ამ პატარა ქვეყანას, რომელსაც არც ევროკავშირის და არც NATO-ს ქოლგა გვიცავს და რომ ეუბნები ამ ქვეყანას, ასეთ პირობებში ინდივიდუალური სანქციები დაუწესე რუსეთს და იცი, რუსეთის მხრიდან ამას რა საპასუხო რეაქცია ექნება, როგორ შეიძლება, ამ შემთხვევაში ვთქვათ, რომ ეს ადამიანი, მით უმეტეს, პარლამენტის წევრი სახელმწიფოებრივად აზროვნებს“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებული განცხადების შესახებ საუბრისას განაცხადა.


მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიცია მისთვის მიუღებელს ყველაფერს რუსულს არქმევს და ამით ცდილობს საზოგადოებრივი განწყობების შექმნას, თუმცა ქართული საზოგადოება ამ ყველაფერს კარგად ხედავს.


„საქართველოს რადიკალი ოპოზიციონერები ერთადერთ საფრთხეს რაშიც ხედავენ, ეს არის ის, რომ არ დაკარგონ ის, რაც აქამდე გააჩნდათ და ეშინიათ, რომ ვეღარასოდეს მოვლენ ხელისუფლებაში. მხოლოდ ამ საფრთხეს ხედავენ და ამისთვის იბრძვიან, თორემ რუსეთიდან საფრთხეს მაშინ ვერ ხედავდნენ, როდესაც ჯერ კიდევ ხელისუფლებაში იყვნენ და მათი პრეზიდენტი და ბელადი ღვინით და ყვავილებით ხელში ხვდებოდა რუსებს საზღვარზე. ოპოზიციაში ყოფნის დროსაც უკრაინისთვის საფრთხის შემცველი პრიგოჟინი ლიდერად გაიხადეს. პრიგოჟინი საფრთხის შემცველი არ არის? მაგრამ მათ ეს საფრთხე კი არ ადარდებთ, არამედ თავიანთი პოლიტიკური საფრთხე აწუხებთ, რომ ისინი ხალხს აღარ უნდა.


რაც შეეხება ჩვენს განცხადებაში ნათქვამს, რომ ოპოზიცია ყველაფერს მათთვის არასასურველს რუსულს არქმევს, ეს არის ის, რომ თეთრზე თქვან შავიაო და პირიქით. დღეს ჩვენ კომენტარებშიც ვთქვით და ჩვენს განცხადებაშიც დავწერეთ, რომ თუ „ხალხის ძალა“ იტყვის, რომ მაგალითად, არასამთავრობო სექტორში ფინანსური გამჭვირვალობა აუცილებელია, ეს არის რუსული, მაგრამ თუკი იგივეს იტყვის ევროპარლამენტარი და ევროპარლამენტი, მაშინ ეს არის ევროპული. თუ ღარიბაშვილი იტყვის, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო NATO-ში ინტეგრაცია, ეს არის რუსული, მაგრამ თუ იგივეს იტყვის NATO-ს ხელმძღვანელობა, ან ევროკომისიის პრეზიდენტი, ეს ევროპულია. ეს არის მოცემულობა, ანუ რუსულს არქმევენ ყველაფერს, რაც უნდათ გაასაღონ, როგორც არასწორი, მაგრამ საზოგადოება ამას კარგად ხედავს.


ყველაფერ იმას არქმევენ რუსულს რაც სხვაგანაც კეთდება, მაგალითად, ამერიკაშიც და ევროპაშიც და ამ დროს შენ გთხოვენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, როდესაც იციან, რომ ამით რუსეთი არ დაზარალდება და პირიქით, საქართველოს ეკონომიკა განადგურდება. ამ დროს ამ სანქციებს არ აწესებენ ევროკავშირის და NATO-ს წევრი ქვეყნებიც კი, იმ პროდუქტებზე, რომლებზეც ამბობენ, რომ ეს არის მათთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტები და ამაზე უბრალოდ უარს ვერ იტყვიან.


ამ შემთხვევაში, ეს არ არის პრობლემა, რადგან ევროპელი და ამერიკელი საზოგადოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი ამ პროდუქტებით. კი ბატონო, უნდა იყოს უზრუნველყოფილი, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ რა დააშავა? ამ პატარა ქვეყანას, რომელსაც არც ევროკავშირის და არც NATO-ს ქოლგა გვიცავს და რომ ეუბნები ამ ქვეყანას, ასეთ პირობებში ინდივიდუალური სანქციები დაუწესე რუსეთს და იცი, რუსეთის მხრიდან ამას რა საპასუხო რეაქცია ექნება, როგორ შეიძლება, ამ შემთხვევაში ვთქვათ, რომ ეს ადამიანი, მით უმეტეს, პარლამენტის წევრი სახელმწიფოებრივად აზროვნებს. ამდენად, ყველაფერს არქმევენ რუსულს, რაც მათთვის არის მიუღებელი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხვდება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930