გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„მაგთიკომმა" და „სილქნეტმა" 5G აუქციონში მონაწილეობა არ მიიღეს - ახალ ტექნოლოგიას მხოლოდ „სელფი" დანერგავს

28-07-2023

კომუნიკაციების კომისიის მიერ მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის, ე.წ. 5G-ის დასანერგად გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობას მხოლოდ შპს „სელფი მობაილი" მიიღებს. კომპანიამ განაცხადი ერთი კომბინირებული ლოტის, 2600 მჰც სიხშირულ დიაპაზონში ორი ლოტის და 1800 მჰც სიხშირულ დიაპაზონში ერთი ლოტის შეძენაზე გააკეთა. ComCom-მა 5G ტექნოლოგიის დასანერგად აუქციონი 4 კომბინირებულ ლოტზე გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაციების კომისიამ აუქციონის პირობებთან დაკავშირებით კომპანია „მაგთიკომის" და „სილქნეტის" მიერ გამოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები სრულად გაითვალისწინა, არცერთმა მათგანმა აუქციონში მონაწილეობა არ მიიღო. საგულისხმოა, რომ სწორედ ეს ორი კომპანია ფლობს ტელეკომ ბაზრის 70%-ზე მეტს და ქვეყანაში ახალი ტექნოლოგია მათ გარეშე დაინერგება.

თავდაპირველად 5G ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო სიხშირის მოსაპოვებლად კომპანიებს ოთხივე კომბინირებულ ლოტზე ჰქონდათ ვალდებულება, რომ საკუთარ ქსელზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი - MVNO დაეშვათ, რისთვისაც ისინი დამატებით ფასდაკლებებს მიიღებდნენ. ტელეკომ ოპერატორების, კერძოდ „მაგთიკომის" და „სილქნეტის" მოთხოვნა იყო, რომ ისინი აუქციონში მონაწილეობას იმ შემთხვევაში მიიღებდნენ, თუ კომისია MVNO ვალდებულების და ფასდაკლების გარეშე, ერთ ლოტზე მაინც გამოაცხადებდა აუქციონს. სწორედ მათი მოსაზრებების გათვალისწინებით, იმისთვის, რომ ახალი ტექნოლოგიების დანერგვა არ შეფერხებულიყო, კომუნიკაციების კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და ერთ კომბინირებულ და ორ ცალკე მდგომ ლოტზე აუქციონი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის დაშვების ვალდებულების გარეშე გამოაცხადა. მიუხედავად კომისიის გადაწყვეტილებისა, კომპანიებმა როგორც საჯარო სხდომაზე, ისე სამუშაო შეხვედრებზე გაცხადებული პირობა არ შეასრულეს და აუქციონში მონაწილეობა არ მიიღეს.

5G - ეს არის ახალი თაობის უსადენო ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელიც უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, შეამცირებს დაყოვნებას და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა. რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.


შეგახსენებთ, რომ ტექნოლოგიების სწრაფი და ეფექტიანი განვითარებისთვის ევროკომისიამ 2020 წელს წევრ ქვეყნებს მისცა რეკომენდაცია, რომ Covid 19-ის პანდემიის დასრულების შემდეგ, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურისა და მობილური ქსელების განვითარების მიზნით, მიეღოთ ეფექტიანი გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ 5G-სთვის განკუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდას, ლიცენზიების დროულ გაცემას და ფინანსურ შეღავათებს. ComCom-მა გაიზიარა ევროკომისიის რეკომენდაცია და აუქციონის პირობები ამ რეკომენდაციების შესაბამისად შეიმუშავა.


5G ტექნოლოგიის დასანერგად კომუნიკაციების კომისიამ აქტიური სამუშაოები ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო. 5G-ის დანერგვისთვის საჭირო პარამეტრები და პირობები კომუნიკაციების კომისიამ ევროკომისიის გადაწყვეტილებების და ევროპელი კოლეგა მარეგულირებლების გამოცდილების გათვალისწინებით განსაზღვრა, ხოლო სიხშირული რესურსის საწყისი საფასური საკონსულტაციო კომპანიების ე.წ. დიდ ოთხეულში შემავალ კომპანია „EY"-ის ექსპერტებთან ერთად დათვალა.


მეხუთე თაობის ინტერნეტის დასანერგად გამოცხადებული აუქციონის დეტალური პირობები იხილეთ ბმულზე - https://www.comcom.ge/ge/yvela-siaxle/comcom-ma-5g-teqnologiis-dasanergad-auqcioni-gamoacxada.page .

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930