გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: ბიზნეს სექტორის მხრიდან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკის მიმართ ნდობა საკმაოდ მაღალია, არსებული დადებითი ტენდენციები გრძელდება

5-09-2023

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მთავარი ეკონომიკური ტენდენციების შეფასებას აკეთებს - ლევან დავითაშვილის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა, რომელმაც 2023 წლის 7 თვეში (იანვარ-ივლისი) 7.2% შეადგინა, დაგეგმილზე უფრო მაღალი მაჩვენებლით შენარჩუნდება. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის ზრდა კერძო სექტორში არსებული პოზიტიური სურათით არის განპირობებული. ამასთან, არსებული ტენდენციები ბიზნესსექტორში გრძელდება როგორც ბრუნვისა და პროდუქციის გამოშვების, ისე დასაქმების კუთხით. ამ თემაზე მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა.


„2023 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა 15.2 % ით გაიზარდა, მეორე კვარტალში ბრუნვამ 48 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო ჯამში გამოშვებამ - 18.3 მლრდ ლარი. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ბიზნეს სექტორის მხრიდან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკის მიმართ ნდობა საკმაოდ მაღალია, და ვფიქრობ, რომ ეს მომავალ თვეებშიც გაგრძელდება. ასე რომ, ჩვენ პოზიტიურ შედეგებს ველოდებით ბიზნეს სექტორში ზრდის კუთხით, რაც საბოლოოდ მთლიანად წლიურ ჭრილში ეკონომიკურ სიტუაციაზე აისახება", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


ვიცე-პრემიერის განცხადებით, ასევე პოზიტიური სურათია ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების ზრდის თვალსაზრისითაც. როგორც ის ხაზს უსვამს, მთავარია არამხოლოდ გაზრდილი ეკონომიკა კერძო სექტორში, არამედ ის, რომ არსებული სურათი აისახებოდეს პირდაპირ სამუშაო ადგილებზე. ამიტომ, ლევან დავითაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხითაც დადებითი დინამიკა ფიქსირდება - 2023 წლის მეორე კვარტალში, ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა 6.1%-ით, ანუ 42.4 ათასით გაიზარდა და დასაქმებულთა რაოდენობამ 737.7 ათასი შეადგინა.


„ეს დასაქმებულთა მაქსიმალური რიცხვია, რაც კი ოდესმე გვყოლია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საკმაოდ გაიზარდა ხელფასები - მეორე კვარტალში დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურებამ, თითქმის 18% ით მოიმატა და 1,914.7 ლარი შეადგინა", - აცხადებს ეკონომიკის მინიტრი.


ამასთან, როგორც ლევან დავითაშვილი განმარტავს, ეკონომიკური აქტივობის და დასაქმების პარალელურად, მნიშვნელოვანია ინფლაციის მაჩვენებლებიც. რაც შეეხება ამ კუთხით არსებულ სურათს - საქართველოში ინფლაციის დონეს შენარჩუნებულია, ფასები კი საკმაოდ სტაბილური. უფრო კონკრეტულად - 2023 წლის აგვისტოში წლიური ინფლაციის დონემ 0.9 % შეადგინა, მიმდინარე წლის აპრილიდან ინფლაციის დონე ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელს – 3%-ს ქვემოთ ნარჩუნდება. ვიცე-პრემიერი შეფასებით, არსებულ სურათზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მთავრობის მიერ ფასების პოლიტიკასთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებები, ასევე მაკრო-ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ეროვნული ბანკი ატარებს.


„ვფიქრობ, რომ სხვადასხვა უწყების კოორდინირებული მუშაობით საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ ის, რომ გვაქვს საკმაოდ დაბალი ფასები. მოვახერხეთ ფასების დონის შენარჩუნება საწვავზე, მედიკამენტებზე, ძირითად სასურსათო პროდუქტებზე, რომლებიც ინფლაციის მნიშვნელოვანი გამომწვევი ფაქტორები იყო და ამ კუთხით საკმაოდ დადებითი ტენდეციები გვაქვს", - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930