13-09-2023
სალომე ზურაბიშვილი არად დაგიდევთ ქვეყნის ძირითად კანონს, რაზეც მან ფიცი დადო თავის დროზე და ის უხეშად არღვევს კონსტიტუციას. თუ ლეგიტიმური და კონსტიტუციური იყო ვიზიტი, მაშინ რატომ არ დახარჯა ბიუჯეტის ფული? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, კონსტიტუციის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს 12 ოქტომბრამდე აქვს განხილვის ვადა.
„ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენი დეპუტატები იყვნენ იმპიჩმენტის პროცედურისთვის მობილიზებული. ეს არის ერთადერთი, რაზეც ჩვენ ვზრუნავთ, არ გვაინტერესებს ამ თემაზე ოპოზიციასთან მუშაობა. მთავარია, საზოგადოებამ უკვე დაინახა, რომ სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. მან ეს თვითონაც აღიარა, როდესაც გამოაცხადა, რომ შესაბამის ქვეყნებში ჩავიდა საკუთარი სახსრებით. თუ ლეგიტიმური და კონსტიტუციური იყო ვიზიტი, მაშინ რატომ არ დახარჯა ბიუჯეტის ფული? თვითონვე აღიარა, რომ კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს სამსჯელოც კი არაფერი დაუტოვა. ყველამ იცის დღეს, რომ სალომე ზურაბიშვილი არად დაგიდევთ ქვეყნის ძირითად კანონს, რაზეც მან ფიცი დადო თავის დროზე და ის უხეშად არღვევს კონსტიტუციას, ეს საზოგადოებამ დაინახა და ამაზე დასკვნები უნდა გამოიტანოს. კონსტიტუციაში მითითებულია, რომ წარდგენების შესვლიდან ერთ თვეში უნდა განიხილოს ყველაფერი საკონსტიტუციო სასამართლომ. 12-ში შევიდა, შესაბამისად 12 ოქტომბრამდე აქვს ვადა საკონსტიტუციო სასამართლოს. ეს ვადა დადგენილია კონსტიტუციით. დაველოდოთ 12 ოქტომბერს, ამის შემდეგ გაიმართება საპარლამენტო განხილვები“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024