15-09-2023
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ შეერთებული შტატების მიერ ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„გუშინ გამოქვეყნდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, სხვა 149 პირთან ერთად, ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების შესახებ. გადაწყვეტილების ტექსტში ვკითხულობთ, რომ ფარცხალაძეს სანქციები უწესდება „საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ“. დოკუმენტში ასევე წერია, რომ „რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასიკეთო გავლენის მოხდენისთვის იყენებს“.
სანქციის მიზეზის განმარტება იმდენად არასერიოზულია, რომ გადაწყვეტილების უკან სრულიად სხვა პოლიტიკური მოტივი აშკარად იკითხება. გაუგებარია, სად ნახა ვინმემ ოთარ ფარცხალაძის გავლენა ქართულ პოლიტიკაზე და მით უმეტეს, საზოგადოებაზე. წლებია, ის საჯაროდ არცერთხელ არ გამოჩენილა. დავით კეზერაშვილისგან განსხვავებით, არც პარტიებს და ენჯეოებს აფინანსებს და არც მედიასაშუალებებს ფლობს. ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ფარცხალაძის გავლენა ბუნებაში არ არსებობს და აშკარაა, რომ ვიღაცას ამ ყველაფრის გამოგონება კონკრეტული პოლიტიკური მიზნით დასჭირდა.
ამერიკელები ქართულ საზოგადოებაზე მართლა რომ ზრუნავდნენ, აბსურდული მიზეზით სანქციებს კი არ დააწესებდნენ, საზოგადოებას მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას გაუზიარებდნენ და საზოგადოება თავად განსჯიდა, იყო თუ არა ოთარ ფარცხალაძის საქმიანობა მისთვის რაიმე საფრთხის შემცველი.
თუმცა, ვხედავთ, რომ ამერიკელები ყოველ ჯერზე ცდილობენ, ქართულ საზოგადოებას ჩაენაცვლონ და მისი სახელით ილაპარაკონ. ისინი ხშირად მიმართავენ ჰიბრიდული ომის ყველაზე უხეშ მეთოდებს და ცდილობენ, გაავლონ ზღვარი ქართულ საზოგადოებასა და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას შორის. აცხადებენ, რომ ქართველი ხალხის ნებას გამოხატავს, არა მის მიერ არჩეული საქართველოს ხელისუფლება, არამედ მისგან 9 ათასი კილომეტრით დაშორებული ამერიკის ხელისუფლება.
ხომ არ დაფიქრდებოდა ამერიკის ხელისუფლება, რომ მას ქართულ საზოგადოებაზე ასე უხეშად ზრუნვა არ ევალება? ასეთი ნაბიჯებით, გლობალური ომის პარტიის კარნახით მოქმედი ამერიკული ოფიციალური სტრუქტურები, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ ისინი ჩვენს სახელმწიფოებრიობას არ ცნობენ და ქართული საზოგადოების მიმართ უდიერ დამოკიდებულებას ავლენენ.
ისინი ცდილობენ, თავს მოგვახვიონ აზრი, რომ ხელისუფლების ლეგიტიმაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში ცნობენ, თუ ძალაუფლებას გლობალური ომის პარტიის აგენტურა, ანუ კოლექტიური ნაცმოძრაობა დაიბრუნებს. ბუნებრივია, თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი ამ გზავნილს არასოდეს შეეგუება.
ყველას გვახსოვს, როგორ დაუწესდა ოთხ ქართველ მოსამართლეს სავიზო შეზღუდვები. ბრალდება მაშინაც არასერიოზული იყო და ამერიკის ელჩს, პრაქტიკულად, იმის აღიარება მოუწია, რომ მოსამართლეებს შეზღუდვები ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დაუწესდათ. ამგვარი მიდგომა უხეშად ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს, რომელმაც, სამწუხაროდ, ამერიკის საერთაშორისო პოლიტიკაში აქტუალობა სრულად დაკარგა.
ვხედავთ, რომ ერთი მხრივ, ყოველგვარი ფაქტებისა და მტკიცებულების გარეშე უწესებენ კონკრეტულ ადამიანებს შეზღუდვებსა და სანქციებს, ხოლო, მეორე მხრივ, რეალურ ქართველ ოლიგარქს, დავით კეზერაშვილს, რომელიც ჯერ საქართველოში ბიზნესმენებსა და ჯარს ძარცვავდა, ხოლო ახლა ევროპელი პენსიონერების გაუბედურებით არის დაკავებული, ევროპაში თავისუფალი მიმოსვლის საშუალებას აძლევენ. ყველას გვახსოვს, როგორ ხვდებოდა კეზერაშვილს ამერიკელი მაღალჩინოსანი, კურტ უოკერი, რაზეც ქართულ საზოგადოებას განმარტებაც კი არ მოუსმენია. საზოგადოების დიდი ნაწილის აღქმაში, კეზერაშვილს ამერიკელები მფარველობენ და მას ნაძარცვი ფულით ქართულ პოლიტიკაში საკუთარი აგენტურის დასაფინანსებლად იყენებენ. სამწუხაროდ, დღემდე არავის უცდია, საზოგადოების ეს ეჭვი გაეფანტა და კრიმინალ ოლიგარქს, თუნდაც, ერთი განცხადებით გამიჯვნოდა.
ამ ყველაფრის მიზანი გასაგებია. გლობალური ომის პარტია საქართველოს მეორე ფრონტის არგახსნას არ პატიობს და ყველანაირად ცდილობს, ქვეყანაში ვითარება რამენაირად არიოს და ხელისუფლება შეცვალოს, რისთვისაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტსაც აქტიურად იყენებს. ბუნებრივია, იმთავითვე ცხადი იყო, რომ ქართული აგენტურა, კოლექტიური ნაცმოძრაობა ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესებას ხელისუფლებაზე თავდასხმისა და ე.წ. პოლარიზაციის შემდგომი გაღვივებისთვის გამოიყენებდა. ფარცხალაძეს მაშინვე გაუხსენეს მის მიერ 10 წლის წინ დაკავებული თანამდებობა და თქვეს, რომ მისი დასანქცირებით, ამერიკამ გაფრთხილება მთელ ხელისუფლებას გაუგზავნა, რაც იოლად პროგნოზირებადი იყო.
გლობალური ომის პარტია და მისი აგენტურა, ანუ კოლექტიური ნაცმოძრაობა ოქტომბერ-ნოემბრისთვის ემზადებიან. მათი გათვლა არის, რომ ოქტომბრის ბოლოს ევროკომისია გამოაქვეყნებს უარყოფით დასკვნას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რასაც ისინი რევოლუციის მოწყობის კიდევ ერთხელ საცდელად გამოიყენებენ.
ბუნებრივია, ეს სცენარიც ზუსტად ისევე ჩაიშლება, როგორც გლობალური ომის პარტიისა და მისი აგენტურის ყველა წინა რევოლუციური სცენარი ჩავარდა. ამის მთავარი გარანტი კი ქართული საზოგადოებაა. საზოგადოება არავის მისცემს იმის საშუალებას, რომ მისი ქვეყანა მეორე ფრონტის არგახსნისთვის, მშვიდობის შენარჩუნებისა და უკრაინიზაციაზე უარის თქმისთვის დაისაჯოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
16-11-2024
16-11-2024