3-09-2018
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართულ ენაზე სწავლების სერიოზული პრობლემა არსებობს.
მისივე თქმით, ოკუპირებულ რეგიონებში ქართული სკოლები და კლასები დღითიდღე მცირდება.
„ცნობილია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებობს ქართულ ენაზე სწავლების სერიოზული პრობლემა. დღეს ე.წ. ქართულ სკოლებში, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ნომინალურად ატარებენ ამ სახელწოდებას, ქართული ენის სწავლებასთან, რბილად რომ ვთქვათ, საერთო არაფერი აქვთ. თუ ცოტა ხნის წინ დღითიდღე ვკარგავდით სკოლებს, სადაც ქართულენოვანი სწავლება მიმდინრეობდა, დღეს უკვე ამ სკოლებში ქართულენოვან კლასებს ვკარგავთ. აფხაზეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, გალის რაიონში, 2010-2011 სასწავლო წელს დარჩენილი იყო 10 ქართულენოვანი სკოლა, სადაც პირველი კლასიდან სკოლის დამთავრებამდე ქართულ ენაზე მიმდინარეობდა სწავლება. ახლა ფაქტობრივად დაგვრჩა მხოლოდ ოთხი კლასი - მერვე, მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე... 2008 წლის ომის შემდეგ ე.წ. ზედა ნაწილი გალის რაიონისა მიაკუთვნეს ოჩამჩირისა და ტყვარჩელის ტერიტორიას. იქ 11 სკოლა ფუნქციონირებს და ამ 11 სკოლაში არცერთი საათი არ აქვს დათმობილი ქართულ ენაზე სწავლებას. მეორე ნაწილში, რომელსაც ქვედა ზონას ეძახიან, დაუშვეს თითო საათი ქართული ენისა და ლიტერატურისათვის და 2-2 საათი ქალაქის ერთ სკოლაში, რომელსაც, ასევე, ქართული სკოლა ეწოდა, ხოლო ქვედა ზონაში თანდათანობით მიდის გამოდევნა ქართული ენისა. ამასთან, გაგიკვირდებათ და ქართულის ჩანაცვლება ხდება არა აფხაზური, არამედ რუსული ენით.
დღეს აშკარაა, რომ აფხაზეთი, ფაქტობრივად, სამხედო ბაზა გახდა. რუსულის გავლენა, ენის თვალსაზრისით, იქ ძალიან იგრძნობა და ამან საფუძველი ჩაუყარა იძულებით რუსიფიკაციას მთლიანად რეგიონში. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ჟენევის ფორმატში ეს პროცესი დავაბალანსოთ და ამისთვის გამოიყენება მსოფლიოში არსებული პრაქტიკა - ბილინგვური (ორენოვანი) სწავლება. ამ მიმართულებით კი მიდის მუშაობა, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც აღვნიშნე, იმ ტემპით არა, რაც ჩვენ გვაწყობს“- განაცხადა ყოლბაიამ საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესთან“ ინტერვიუში.
ინტერვიუს ვრცელი ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: Newspress.ge