3-09-2018
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებები, რომელიც საქართველოში ვიზიტისას გაკეთდა, ის პოლიტიკური გზავნილებია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს არჩევანის - მშვიდობიანი გზით კონფლიქტის მოგვარების კურსის მდგრადობის მხარდაჭერას.
მისივე თქმით, აღნიშნული ვიზიტით გერმანიასთან თანამშრომლობამ საქართველოს ისტორიულ მხარდამჭერთან ახალი იმპულსი შეიძინა.
„გერმანიის კანცლერის განცხადებები ოკუპაციის, უსამართლობისა და კონფლიქტის მოგვარების საქმეში მხარდაჭერისა და მზაობის შესახებ ის პოლიტიკური გზავნილებია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს არჩევანის - მშვიდობიანი გზით კონფლიქტის მოგვარების კურსის მდგრადობისა და ურყეობის მართებულობის სრულ მხარდაჭერას!
ნიშანდობლივია ისიც, რომ უკანასკნელ პერიოდში იკვეთებოდა გერმანიასთან ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობის ნიშნები და აღნიშნული ვიზიტით ამ თანამშრომლობამ ჩვენს ისტორიულ მხარდამჭერთან ახალი იმპულსი შეიძინა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მხადაჭერილი ინიციატივები. გადაწყვეტილია, რომ გერმანია 150 მლნ. დოლარის შეღავათიანი კრედიტით დაგვეხმარება გაზსაცავის მშენებლობაში, რომელიც ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი ფაქტორი გახდება.
აგრეთვე 40 მლნ. აშშ დოლარით დაგვეხმარებიან აჭარის რეგიონში წყალმომარაგების სისტემის შემდგომი განვითარების საქმეში.
ამჟამად, გერმანული კომპანიების საქმიანობის ზრდის მნიშვნელოვანი გზები ისახება. დღეს საქართველოში 300-მდე გერმანული კომპანია მუშაობს, ინვესტირებულია 400 მლნ.-ზე მეტი აშშ დოლარი, 2017 წელს სავაჭრო ბრუნვამ კი 0.5 მლრდ. დოლარს მიაღწია. ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ პარამეტრების მნიშვნელოვანი ზრდის შესაძლებლობის პერპექტულობა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითრების კუთხით. პირველად იქმნება შესაძლებლობა ჩვენმა თანამოქალაქეებმა, მათ შორის, დევნილებმა, მონაწილეობა მიიღონ გერმანიაში სამუშაო კვოტით, რომელსაც გამოგვიყოფენ, დასაქმებაში!
მნიშვნელოვანია ისიც, რომ გერმანია დაგვეხმარება დუალური განათლების სისტემის ფორმირებაში. მისასალმებელია, რომ რეალური ხდება გერმანული სისტემის ფორმირება, რომელიც, თავის მხრივ, საუკეთესოა მსოფლიოში.
ჩვენი, როგორც დევნილი ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა, ყველაფერი ვიღონოთ იმისთვის, რომ აღნიშნული შესაძლებლობები ხელმისაწვდომი გავხადოთ დევნილებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები თანამოქალაქეებისთვის“-განაცხადა ყოლბაიამ საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესთან“ ინტერვიუში.
ინტერვიუს ვრცელი ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: Newspress.ge