28-09-2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნადირობის სეზონის დაწყებიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ნადირობის 229ფაქტი გამოავლინეს.
უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი -80 ფაქტი დაფიქსირდა იმერეთში. 40 სამართალდარღვევაა გამოვლენილი მცხეთა-მთიანეთში, 36 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 21 - შიდა ქართლში, 15 - გურიაში, 12 - კახეთში, 9 - აჭარაში, 7 - სამცხე-ჯავახეთში, 5 - ქვემო ქართლში, 2 ფაქტი კი,რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში დაფიქსირდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 2 ფაქტი აღკვეთეს ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 163 აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობის ფაქტებია. 59 შემთხვევაში სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ, 5 შემთხვევაში ბრაკონიერებმა აკრძალული სახეობები მოინადირეს, 2 კი, გადამფრენ ფრინველებზე ქალაქის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნადირობის ფაქტია.
დაფიქსირდა უკანონო საშუალებით, ფრინველის მოსაზიდი ხელნაკეთი ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობით ნადირობის ფაქტებიც. ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში, ამოღებულია 164 ერთეული ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა.
უკანონო ნადირობის ფაქტების გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, ნადირობის სეზონის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ.
16-11-2024
16-11-2024