2-10-2023
კანის კორპორაციული მედიისა და ტელევიზიის ფესტივალზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვიდეო კოლაჟმა გაიმარჯვა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2022 წლის ტურისტული კამპანიისთვის 3 ვიდეო რგოლი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით Bloomberg-მა მოამზადა.
„კანის წლევანდელ ფესტივალზე ტურისტულ მიმართულებებს შორის საუკეთესო ვიდეოკოლაჟად Bloomberg-ის „Glimpses of Georgia“ დასახელდა.
დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია 27-28 სექტემბერს, საფრანგეთში, კანში გაიმართება. კანის კორპორაციული მედიისა და ტელევიზიის ფესტივალი 2010 წელს დაფუძნდა და ყოველწლიურად იმართება, ფესტივალზე კორპორაციული ფილმები, ონლაინ მედია პროდუქცია, დოკუმენტური ფილმები, კლიპები და სარეკლამო ვიდეო რგოლებია წარმოდგენილი.
გავლენიან საერთაშორისო პლატფორმასთან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2019 წლიდან თანამშრომლობს, რის ფარგლებშიც მომზადდა სტატიები და ვიდეო რგოლები საქართველოს ბუნების, თავგადასავლების, კულტურის, ღამის ცხოვრების, ღვინისა და გასტრონომიის შესახებ. კამპანია სხვადასხვა სოციალურ არხებზე (Facebook, Instagram, Twitter, TikTok, YouTube) და Bloomberg-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიმდინარეობდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Bloomberg-თან თანამშრომლობას წელსაც აგრძელებს. კამპანია ივლისში დაიწყო და დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება. წლევანდელი კამპანიის ფარგლებში Bloomberg-მა საქართველოში Youtube-ზე პოპულარული გადაცემის „Sorted Food” წამყვანები ჩამოიყვანა საქართველოში, Bloomberg-მა წამყვანების მონაწილეობით ქართული სამზარეულოს, ღვინის მომზადებისა და კულტურის შესახებ ვიდეო რგოლები მოამზადა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.