გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე რადიკალურ ოპოზიციას: მეგობრებს ეძახით მტრებს, ომს ეძახით მშვიდობას და მონობას ეძახით თავისუფლებას, ეს არის თქვენი სახე

17-10-2023

„რა უნდა ითქვას, 1984-ში ხართ ჯორჯ ორუელის, მეგობრებს ეძახით მტრებს, ომს ეძახით მშვიდობას და მონობას ეძახით თავისუფლებას, ეს არის თქვენი სახე“- ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ რადიკალურ ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.


თალაკვაძემ, ასევე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტის შესახებ რადიკალური ოპოზიციის რეაქციები შეაფასა და აღნიშნა, რომ ნაცვლად იმისა, მადლობა გამოეხატათ საქართველოს უპირობო მხარდაჭერისთვის, მისი დისკრედიტაცია და შეურაცხყოფა დაიწყეს.

თალაკვაძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია საკუთარ ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს უცხადებს ბრძოლას.


„პრემიერ-მინისტრმა ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეხვედრები ჩაატარა. ვუმასპინძლეთ უნგრეთის მთავრობას და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოში. უნგრეთის მხარდაჭერა უპირობოა საქართველოს მიმართ. ასევე, ამ დღეებში ვნახეთ ბულგარეთის პარლამენტის პირდაპირი მხარდაჭერა, სადაც რეზოლუცია ერთხმად იქნა მიღებული ბულგარეთის პარლამენტში. ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ჩვენს მეგობრებს და კოლეგებს ევროპაში. ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია, რადიკალური ოპოზიციის რეაქციები.


რადიკალურმა ოპოზიციამ ამ ყველაფერს უპასუხა ბრძოლებით. ოღონდ ისინი საქართველოს მოწინააღმდეგეებს, საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალებს და მტრებს კი არ ებრძვიან, მათ ბრძოლა გამოუცხადეს საკუთარ ქვეყანას და ამის მტკიცებულება გამოაქვეყნა ამერიკის მთავრობამ FARA-ს კანონზე დაყრდნობით, როდესაც ფულს იხდიან კონკრეტულად საქართველოს წინააღმდეგ და საზიანოდ. მათ ბრძოლა გამოუცხადეს საქართველოს ევროპულ მომავალს, ამის მტკიცებულებებიც ვნახეთ, როცა პირდაპირ განცხადებები იყო გაკეთებული ადგილობრივ თუ საერთაშორისო მედიაში, რომ თითქოს საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს ევროპაში მწვანე შუქი და მხარდაჭერა. ესეც რადიკალურ ოპოზიციას ეკუთვნის, ეს ე.წ. ბრძოლაც საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ. მათ გამოუცხადეს ბრძოლა საქართველოს მეგობრებსაც და შემთხვევითი არ არის, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, რომელიც სტუმრად იყო საქართველოში, მადლობა კი არ გამოხატეს პირდაპირი მხარდაჭერისთვის, არამედ მისი დისკრედიტაცია და შეურაცხყოფა დაიწყეს და ცდილობდნენ, მისთვის დაერქვათ ავტორიტარი, პრორუსი და ა.შ. ყველაფერი ის, რასაც თვითონ აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ისევ და ისევ სხვას დააბრალეს. რაც გააკეთა რადიკალურმა ოპოზიციამ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, უნგრეთში მსგავსიც კი არაფერი მომხდარა. შესაბამისად, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ისინი საკუთარ ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს უცხადებენ ბრძოლას“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930