გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან მალე გამოვაცხადებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც დარეგულირდება საპენსიო სისტემა ძალოვანი უწყებებისთვის

17-10-2023

ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ ზოგადად, ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა ამჟამინდელი სამსახური იყოს შესაბამისად დაფასებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის ძალიან მალე გამოაცხადებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც დარეგულირდება საპენსიო სისტემა ძალოვანი უწყებებისთვის.


„მე კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე. სამსახურის ხელმძღვანელმა სიტყვა გახსნა და წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ ჩვენს გმირებს, ჩვენს დაღუპულ ვეტერანებს და არა მხოლოდ.


ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ ზოგადად, ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა ამჟამინდელი სამსახური იყოს შესაბამისად დაფასებული. თქვენ იცით, რომ სამხედროებისთვის, პოლიციელებისთვის, სხვა სამსახურებისთვის, სპეცსამსახურებისთვის ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი წამოწყება, ინიციატივა განვახორციელეთ, იქნებოდა ეს ხელფასების ზრდა, 50%-ით გაეზარდათ ხელფასები ჯარისკაცებს და პოლიციელებს, სპეცსამსახურის თანამშრომლებს. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ახლა, ძალიან მალე გამოვაცხადებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც დარეგულირდება საპენსიო სისტემა ძალოვანი უწყებებისთვის, იმიტომ, რომ ახლა ეს იყო, ასე ვთქვათ, სტატიკური და იყო ჩაკეტილი. ძალიან მალე გამოვაცხადებ ამ ახალ გადაწყვეტილებას.


იცით, რომ ჩვენ ასევე დაწყებული გვაქვს ჩვენი სამხედროებისთვის, ჩვენი პოლიციელებისთვის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფს მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, იქნება ეს ბინების მშენებლობა, თუ სხვა სოციალური გარანტიები.


ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ძალოვანი უწყებების თანამშრომლები, რომლებიც მზად არიან, რომ გაიღონ ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე - მთავრობის მხრიდან იყვნენ სათანადოდ დაფასებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ჩვენი ვალი, ჩვენი მოვალეობა. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს ჯარისკაცს, ჩვენს ვეტერანებს, ჩვენს პოლიციელებს. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. დიდი მადლობა. მინდა მადლობა გადავუხადო ასევე ბატონ კობა კობალაძეს, მის სამსახურს, მივულოცო თქვენს თანამშრომლებს დღევანდელი დღე. კიდევ ერთხელ, მადლობა", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930