25-10-2023
მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა -საქართველოს გენერალურ დირექტორს, თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ნინო კარანაძეს, საერთაშორისო "ლაიონს კლუბების" ფონდის (LCIF) წარმომადგენელს საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაცია"ლაიონს ქუესტ საქართველო-განათლების ლაბორატორიის" აღმასრულებელ დირექტორს, ნინო ბესელიას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელს, დავით პავლიაშვილს და სამედიცინო ექსპერტს, ვახტანგ ჩხეიძეს უმასპინძლა.
სტუმრებმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, ბენეფიციართათვის,''ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა საქართველოს'', ''ლაიონს თბილისის სამედიცინო ჯანდაცვის'' კლუბის, ლაიონსების საერთაშორისო ორგანიზაციისა და ხსენებული ორგანიზაციის მხრიდან, საქართველოს კოორდინატორის_''ლაიონს დენმარკის'' (Lions Denmark) ოფისის მხარდაჭერით, ჰუმანიტარული დახმარების სახით, ეტლ-სავარძლები, გადასაადგილებელი ჩარჩოები, ყავარჯნები და გლუკომეტრები გადასცა.
როგორც ნინო კარანაძემ აღნიშნა, ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა -საქართველო, ისევე, როგორც ლაიონს თბილისის სამედიცინო ჯანდაცვის კლუბი და ლაიონსების საერთაშორისო ორგანიზაცია, კიდევ უფრო გააფართოებს სამსახურთან თანამშრომლობას და მომავალში, ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა მხარდასაჭერად, არა ერთ პროექტს განახორციელებს.
კობა კობალაძემ, მისმა პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ კვეზერელმა, მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ, სამსახურის თანამშრომლებმა, სტუმრებს, ვეტერანთა თანადგომის მორიგი აქციისთვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება.
მიმდინარე წელს, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 14 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, სამსახურის 1504 ბენეფიციარს, კვალიფიციური, ოფთალმოლოგიური მომსახურება, უფასოდ გაეწია; ამასთან, უსასყიდლოდ ჩატარდა სხვადასხვა სახის მიკროქირურგიული ოპერაციებიც; ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს, ასევე, უფასოდ გადაეცათ 2211 სათვალე;
ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა - საქართველო, „ლაიონს ქლაბს ინთერნეიშენალ ფაუნდეიშენის" მიერ დაფუძნებული ერთადერთი კლინიკაა მთელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში; ცნობისთვის, ''ლაიონს კლუბი" მსოფლიოში ცნობილი არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 1917 წლიდან დღემდე, სხვადასხვა ქვეყანაში, ჰუმანიტარულ და საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა.
„საერთაშორისო ლაიონს კლუბმა", საქართველოში, 2003 წლიდან დაიწყო ფუნქციონირება.
16-11-2024
16-11-2024