26-10-2023
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პანელურ დისკუსიაზე - „ვაჭრობა მომავლისთვის", ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის ლიბერალურ კურსზე და პარტნიორ სახელმწიფოებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა.
გენადი არველაძის თქმით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ქვეყნებთან ვაჭრობის გაუმჯობესების და ლიბერალიზაციის თვალსაზრისით.
„უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, გლობალურად იყო რამდენიმე კრიზისი, მათ შორის რეცესია. რეცესიის შემდეგომ, ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლების მისაღწევად, ერთ-ერთი მიზანი იყო ბარიერების ჩამოშლა, რომ უფრო მეტად გაზრდილიყო წარმოება, გაზრდილიყო ინვესტირება, გაზრდილიყო სტაბილურობა, რომ შემდგარიყო კარგი სავაჭრო ურთიერთობები სხვადასხვა პარტნიორთან. ამ თვალსაზრისით, საქართველო ასრულებს პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანას უნდა ჰქონდეს ერთ-ერთი ყველაზე მეტად ლიბერალური პოლიტიკა. საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ტარიფი გლობალურ ჭრილში. აღნიშნული მნიშვნელოვანი მახასიათებელია ჩვენი პარტნიორებისა თუ იმპორტიორებისათვის",- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
თავის გამოსვლაში, გენადი არველაძემ ისაუბრა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმების კუთხით მიღწეულ შედეგებზე და ხაზი გაუსვა აღნიშნული შეთანხმებების როლს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლის შენარჩუნების კუთხით. მისი თქმით, უკანასკნელი 10-15 წლის განმავლობაში, საქართველო ცდილობს შექმნას და შეიმუშავოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები რეგიონის სხვადასხვა ქვეყანასთან. ქვეყანას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს ძალიან ბევრ ქვეყანასთან ამიერკავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, თურქეთთან, ასევე, ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ერთ-ერთ ყველაზე დიდ ეკონომიკასთან - ჩინეთთან, ჰონგ-კონგთან, გაერთიანებულ სამეფოსთან.
„ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველები ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოლაპარაკებების დაწყების თვალსაზრისით. სულ ახლახან, ასეთ შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანასთან. სპარსეთის ყურე წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რეგიონს ჩვენთვის და ერთ-ერთი უკანასკნელი შეთანხმება სწორედ ხელმოწერილია არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან. ღია და ლიბერალური პოლიტიკის ქონით, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, უზრუნველვყოთ ეკონომიკური ზრდა და ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, თავისთავად, ექსპორტია. ლიბერალური ვაჭრობა კი ყოველთვის ხელს უწყობს ექსპორტის ზრდას გლობალურად, ამიტომაც შევძელით უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, კოვიდ-პანდემიის შემდეგ შეგვენარჩუნებინა ორნიშნა ზრდა",- აღნიშნა გენადი არველაძემ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომელიც ამავე დროს არის „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" საორგანიზაციო შტაბის ხელმძღვანელი, ხაზი გაუსვა ფორუმის მნიშვნელობას ქვეყნებს შორის დიალოგის გაღრმავების კუთხით. „აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც 2015 წლიდან არსებობს, უზრუნველყოფს პლატფორმას, რომელმაც პირველივე დღეებიდან ხელი შეუწყო ქვეყნებს შორის დიალოგს და რეგიონალურ დაკავშირებას", - განაცხადა მან პანელურ დისკუსიაზე.
16-11-2024
16-11-2024