გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
GCF-ის საბჭოს წევრებმა ახმეტის მუნიციპალიტეტში მოწყობილი ნაპირსამაგრი ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს

27-10-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილი და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) საბჭოს წევრები ახმეტის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც GCF-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „მრავლობითი საფრთხეების შემცველი ადრეული შეტყობინების სისტემის გაფართოება და კლიმატის შესახებ ინფორმაციის გამოყენება საქართველოში“ ფარგლებში მოწყობილი ნაპირსამაგრი ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.


„კლიმატის მწვანე ფონდი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფონდია მსოფლიოში, რომელიც ისეთი ტიპის პროექტებს აფინანსებს, რომლებიც ქვეყნებს შესაძლებლობას აძლევს, რომ კლიმატის ცვლილების შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებს ეროვნულ დონეზე გაუმკლავდნენ. ახმეტის მუნიციპალიტეტში,GCF-ის აღმასრულებელ დირექტორსა და საბჭოს წევრებს გავაცანით ის ინფრასტრუქტურა, რომელიც კლიმატის მწვანე ფონდის პროექტის ფარგლებში დაფინანსდა; ასევე, ვიმსჯელეთ GCF-ის მიერ დაფინანსებულ ერთობლივ პროექტებზე, რომლებიც უკავშირდება საქართველოში ადგილობრივ დონეზე მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერებას და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასმოსალოდნელი სტიქიური პროცესებისგან მოსახლეობის უკეთ დაცვისთვის“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.


კლიმატის მწვანე ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაფალდა დუარტემ კლიმატის ცვლილების შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებთან გამკლავების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება.


„აღნიშნული პროექტი დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას და ინსტიტუციებს, უკეთესად მომზადებული შეხვდნენ სტიქიურ პროცესებს, რაც, სამწუხაროდ, კლიმატის ცვლილების შედეგად უფრო ხშირი ხდება. ადგილობრივი მოსახლეობის დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობას კლიმატის ცვლილებების შედეგად წარმოქმნილ პროცესებთან გამკლავების კუთხით გადადგმული ნაბიჯები. აშკარაა, რომ სტიქიური პროცესების წინააღმდეგ აქტიური მოქმედებაა საჭირო“, - განაცხადა მაფალდა დუარტემ.


ფართომასშტაბიანი, შვიდწლიანი პროგრამა, რომელიც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებას ისახავს მიზნად, საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.


როგორც საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა, დუგლას უებმა აღნიშნა, ნაპირსამაგრი სამუშაოების 15 სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს სტიქიური პროცესებისგან ადგილობრივი მოსახლეობის დაცვისთვის.


ახმეტის მუნიციპალიტეტში გამართულ ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930