31-10-2023
მინისტრმა საქართველოს ღვინის ინდუსტრიის მდგომარეობაზე და WWTG-ის ჯგუფში საქართველოს წევრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„თბილისში ვმასპინძლობთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის შეხვედრას, რომელიც კიდევ ერთი კარგი პლატფორმაა ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლებისთვის; WWTG-ის წევრებთან ერთად, ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ ღვინით ვაჭრობის გაუმჯობესებისთვის ქვეყნებს შორის და, შესაბამისად, სავაჭრო ბარიერებთან მიმართებაში ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებაზე. წელს საქართველო WWTG-ის თავმჯდომარე ქვეყანაა, უკვე მეორედ; პირველად ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფს საქართველო 2014 წელს თავმჯდომარეობდა. აღნიშნულ პერიოდში ჩვენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ; დარწმუნებული ვარ, მიმდინარე წელსაც წარმატებული იქნება საქართველოს თავმჯდომარეობა, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქართულმა ღვინომ კიდევ უფრო გაიმყაროს პოზიციები საერთაშორისო ბაზარზე“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.
შეხვედრას საქართველოსთან ერთად, აღნიშნული ჯგუფის წევრი ქვეყნების აშშ-ის, არგენტინის, ავსტრალიის, კანადის, ჩილეს, ახალი ზელანდიის და სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლები, ასევე, ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და ასოციაციის „ქართული ღვინო“ აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში, ბრიუსელში გამართულ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) შეხვედრაზე, აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა საქართველოს, ერთი წლის ვადით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადმოეცა. თავმჯდომარეობის უფლებამოსილების განხორციელებას საქართველო მიმდინარე წლის 1 მაისიდან შეუდგა.
ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფი (WWTG) წარმოადგენს ღვინის მწარმოებელი ქვეყნების გაერთიანებას და მისი წევრები საქართველოსთან ერთად, აშშ, არგენტინა, ავსტრალია, კანადა, ჩილე, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და ურუგვაი არიან. ორგანიზაციის ძირითადი მიზანია ღვინით ვაჭრობის გამარტივება, ღვინით საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა ინფორმაციის გაზიარებისა და სავაჭრო ბარიერების მოხსნისათვის ერთობლივი ქმედებების განხორციელების გზით.
WWTG-ის თავმჯდომარეობის პერიოდში ორგანიზაციის საქმიანობის მთავარი კოორდინატორი ღვინის ეროვნული სააგენტოა.
წლიური შეხვედრის ფარგლებში, შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ ღვინით ვაჭრობასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: მთავრობებს შორის სავაჭრო ხელშეკრულებები, ვაჭრობის მარეგულირებელი დოკუმენტები, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან (WTO) კოორდინაცია, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის ნორმები, ეტიკეტირება, მსოფლიო ღვინის ინდუსტრიის არსებული მდგომარეობა, პროდუქციის შეფუთვა, აგროქიმიური პრეპარატები, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) რეზოლუციები, WWTG-ს წევრ ქვეყნებს შორის კოორდინაციის გაძლიერება, წარმოშობის სერტიფიკატები, ღვინის დანამატები და ის სხვა საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყნებს შორის ღვინით ვაჭრობის გამარტივებასთან.