3-11-2023
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, კორეის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ადგილობრივი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრის მოადგილე მათ საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე ესაუბრა და პასუხი გასცა შეკითხვებს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში არსებული მდგომარეობის შესახებ.
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრმა დუგკუნ ანმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ, რომლებმაც ბიზნეს ასოციაციებთან შეხვედრამდე ხელი მოაწერეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების დაწყების ერთობლივ განცხადებას. აღნიშნული შეთანხმება მოიცავს თავისუფალი ვაჭრობის საკითხებს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ მოსალოდნელ სარგებელზე, რომელსაც საქართველოსა და კორეის კერძო სექტორი მიიღებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში.
შეხვედრაზე კორეის ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენელთა მხრიდან გამოითქვა დიდი ინტერესი საქართველოში არსებული საინვესტიციო პროექტების შესახებ. მათ შორის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, სამოქალაქო ავიაციის, საფინანსო სექტორის და სხვა დარგებში. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური შინაარსის ჩარჩო შეთანხმებების ამოქმედება მნიშვნელოვანი იქნება ბიზნეს წრეებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებისათვის. ასევე ყურადღება გამახვილდა ერთობლივი სავაჭრო მისიებისა და ბიზნეს ფორუმების მოწყობის საჭიროებაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ კორეის საერთაშორისო პოლიტიკის ინსტიტუტის, კორეის წყლის რესურსების კორპორაციის, მინერალური რესურსების კორპორაციის, კორეის საერთაშორისო სავაჭრო ასოციაციის, საავტომობილო ნაწილების ასოციაციის, კორეის ახალი და განახლებადი ენერგიის ასოციაციის, კორეის ტურ ოპერატორების ასოციაციის წარმომადგენლები.