გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში შეიყვანა

11-01-2018

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საზღვარგარეთ მოგზაურობის მსურველ საკუთარ მოქალაქეებს ახალი რეკომენდაციებს აძლევს.

აშშ-ის დიპლომატიურმა უწყებამ უსაფრთხოების მიხედვით ქვეყნები ოთხ კატეგორიად დაყო.

პირველ, ყველაზე უსაფრთხო კატეგორიაში, საქართველო მოხვდა, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში გამგზავრებისგან, არასტაბილური გარემოს, კრიმინოგენული ვითარებისა და ნაღმების საფრთხის გამო.

პირველ კატეგორიაში ასევე მოხვდნენ სკანდინავიის ქვეყნები, ავსტრია, შვეიცარია, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, კანადა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, გარდა რუსეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინისა.

მეორე კატეგორიის ქვეყნებში, როგორიცაა დასავლეთ ევროპის ქვეყნები ( დიდი ბრიტანეთი, გერმანია), მეტი სიფრთხილეა საჭირო, რაც ტერორისტული აქტების მომატებული რისკებით არის განპირობებული. ამავე კატეგორიაში მოხვდა უკრაინაც, კრიმინალის დონისა და არეულობების თვალსაზრისით.

მესამე კატეგორიაში შესულ ქვეყნებში სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს, რადგან არსებობს აშშ-ის მოქალაქეთა შევიწროების და დაკავების რისკები, ასევე არასტაბილური გარემო, საპროტესტო აქციების სახით. ასეთ ქვეყნებს მიეკუთვნება რუსეთიც. სახელმწიფო დეპარტამენტი კატეგორიულად აფრთხილებს მოქალაქეებს ჩეჩნეთსა და ოკუპირებულ ყირიმში გამგზავრებასთან დაკავშირებით. მესამე კატეგორიაში მოხვდნენ ასევე, ლათინური ამერიკის ქვეყნების ნაწილი, კუბა, ვენესუელა.

ქვეყნებში კი, რომლებიც მეოთხე კატეგორიაში მოხვდნენ, მოგზაურობა დაუშვებელია სიცოცხლისთვის არსებული საფრთხის გამო. ასეთ ქვეყანათა სიაში მოხვდნენ სირია, ერაყი, ირანი, ავღანეთი, ლიბია, სომალი, ჩრდილოეთ კორეა და სხვ.

სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ასეთ ქვეყნებში მოგზაურობის დროს დახმარების საჭიროების შემთხვევაში, დიპლომატიურმა უწყებამ შესაძლოა, სათანადო რეაგირება ვერ შეძლოს.

სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე წარმოადგენს რისკების ინდიკატორს. ინდიკატორები ქვეყნებს მინიჭებული აქვთ იმის მიხედვით, თუ რა სახის საფრთხე არსებობს თითოეულ ქვეყანაში. კრიმინალი, ტერორიზმი, სამოქალაქო არეულობა, ჯანდაცვის რისკები, ბუნებრივი კატასტროფები, მოკლევადიანი მოვლენები და სხვა.

წყარო: "პირველი არხი"

https://1tv.ge/news/ashsh-sakhelmwifo-departamentma-saqartvelo-yvelaze-usafrtkho-qveynebis-kategoriashi-sheiyvana/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930