6-11-2023
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული პირები - მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი, ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის" სპეციალისტი და იურიდიული პირები - "გრინსერვის +", "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინი" და ,,მშენექსპერტი" დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და შპს ,,გრინსერვისი +"-ს შორის თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებები გაფორმდა, რომლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე წარედგინა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნა, ფაქტიურად მოწყობილი ელ.ქსელის საშემსრულებლო ნახაზი, დამიწების კონტურების გაზომვის და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
სამუშაოების მიმდინარეობისას, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში ,,გრინსერვის+"-მა გაყალბებული პროექტის ცვლილებები წარადგინა, სადაც არ იყო დაცული ელექტროდანადგართა მოწყობის უსაფრთხოების წესები. 2022 წელს, მერიის საქალაქო სამსახურის უფროსსა და შპს ,,გრინსერვის+"-ის დირექტორს შორის გაფორმდა შეთანხმებები და ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები, რომლითაც სავალდებულო ექსპერტიზის დასკვნის გარეშე, უკვე დამტკიცებული პროექტი შეიცვალა.
2022 წლის აგვისტოში, ,,გრინსერვის+"-მა შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი დაასრულა, რომელიც შესრულდა უხარისხოდ და არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს.
ამის შემდეგ, ,,გრინსერვის+"-მა შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით, ,,მშენექსპერტთან" ხელშეკრულება გააფორმა. ,,მშენექსპერტის" დირექტორმა და ექსპერტმა შეისწავლეს მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების შესაბამისობა დანახარჯებთან, ხოლო სამუშაოების შესაბამისობა მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან მათ არ შეუსწავლიათ.
"მშენექსპერტის" დირექტორმა და ექსპერტმა მოამზადეს დასკვნის პროექტი, რის შემდგომაც, „გრინსერვისი+"-ის თანამშრომელმა მშენ-ექსპერტი"-ს დირექტორი და ექსპერტი მათ დასკვნაში ყალბი მონაცემების შეტანის თაობაზე დაითანხმა, კერძოდ, თითქოს მათ შეისწავლეს სამუშაოების შესაბამისობაც მოქმედ სამშენებლო ნორმებთან. აღნიშნული ყალბი დასკვნა ,,გრინსერვის+"-ის დირექტორმა, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნით წარადგინა. მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და შესრულებული სამუშაოები სავალდებულო დოკუმენტების (ფაქტიურად მოწყობილი ელ.ქსელის საშემსრულებლო ნახაზი, დამიწების კონტურების გაზომვის და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია) გარეშე მიიღო.
2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ტერიტორიაზე მისულ მოზარდებს, თამაშის დროს შადრევნის აუზში ბურთი გადაუვარდათ. ბურთის ამოსატანად წყალში ჩასულმა ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ დაზიანებული კაბელიდან წყალზე გადასული ელექტროდენისგან ელექტროტრავმა მიიღეს, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდნენ და აუზში წაიქცნენ. მეგობრების დასახმარებლად აუზში მარიტა მეფარიშვილი ჩავიდა, რომელმაც ასევე ელექტროტრავმა მიიღო, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდა. საბოლოოდ ბავშვები აუზიდან იქვე მყოფმა ვაკის პარკის მებაღემ დევი მეზურნიშვილმა ამოიყვანა, რის შემდეგაც ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
ელექტრო ტრავმის შედეგად მიღებული დაზიანებებით, მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ კი, მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ 2020 წელს, ქალაქ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და შპს ,,LMC"-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურეობის თაობაზე. პროექტის შედგენის შემდგომ, შპს ,,LMC"-მ სათანადო ექსპერტიზის დასკვნის გაცემის მიზნით, რაც ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოქმედი ტექნიკური რეგულირების დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენას მოიცავდა, შპს ,,ექსპერტიზა, მშენებლობა დიზაინს" მიმართა.
2020 წლის 15 სექტემბერს და 2021 წლის 2 ივნისს, შპს ,,ექსპერტიზა, მშენებლობა დიზაინის" ინჟინერ-კონსტრუქტორმა დაამზადა ყალბი ინსპექტირების ანგარიში, რომლის თანახმად პროექტი თითქოს შესრულებული იყო სამშენებლო და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. მან, ინსპექტირების ჩამტარებელ ექსპერტებად ანგარიშში მიუთითა ისეთი რვა პირი, რომლებსაც შპს ,,ექსპერტიზა, მშენებლობა დიზაინში" არასდროს უმუშავიათ, შესაბამისად არც ინსპექტირების ჩატარებაში მიუღიათ მონაწილეობა. რეალურად ხსენებულ დოკუმენტებზე 8 ექსპერტის ნაცვლად, ხელი მოაწერა შპს ,,ექსპერტიზა, მშენებლობა დიზაინის" ინჟინერ-კონსტრუქტორმა და შპს ,,LMC"-ის წარმომადგენლებს გაყალბებული დასკვნები გადასცა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის" სპეციალისტს 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გასაღება) 1 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. იურიდიულ პირებს - "გრინსერვის +"-ს 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გასაღება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) ჯარიმა 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი შეეფარდა, ,,მშენექსპერტს" 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გასაღება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) ჯარიმა 100 000 (ასი ათასი) ლარი შეეფარდა, ხოლო "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს" 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გასაღება) ჯარიმა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი შეეფარდა.
პროკურატურა სასჯელის ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე ასევე მსჯავრდებულია კიდევ რვა პირი - თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის მოადგილე, შპს ,,გრინსერვისი +"-ის დირექტორი, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებელი და ერთი თანამშრომელი, შპს ,,გრინსერვისი +"-ის ქვეკონტრაქტორი ფირმის - ,,ნიუ მეტალ დიზაინი"-ს წარმომადგენელი, ,,ნიუ მეტალ დიზაინი"-ს მიერ დაქირავებული ხელოსანი, შპს ,,მშენექსპერტის" დირექტორი და ექსპერტი.