გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რომეო მიქაუტაძემ ამერიკელ სტუდენტებს საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა გააცნო

15-11-2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ აშშ - ის წამყვანი უნივერსიტეტების ბიზნეს სკოლის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა თემაზე „საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის საკითხები - როგორ ვითარდება საქართველოს ენერგო სისტემა და ბაზრები". ამერიკელი სტუდენტები საქართველოში სასწავლო ტურის ფარგლებში იმყოფებიან. შეხვედრა კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ოფისში გაიმართა.


რომეო მიქაუტაძემ ამერიკელ სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული ვითარების, მისი შესაძლებლობებისა და გამოწვევების, მიმდინარე რეფორმებისა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. დიდი ინტერესი გამოიწვია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების ხელშეწყობის შესახებ. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის სქემა, რომელიც მთავრობამ დონორ ორგანიზაციებთან, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, კონსულტაციების შედეგად მიიღო, ენერგოსექტორში ინვესტიციების მოზიდვას ისახავს მიზნად. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პირველ აუქციონზე მეტი პროექტი ჰიდრორესურსების ათვისებაზე შემოვიდა, გაიზარდა დაინტერესება მზისა და ქარის ელექტროსადგურების მიმართაც.


„პირველი აუქციონი 300 მგვ სიმძლავრეზე იყო გამოცხადებული და ის წარმატებით დასრულდა - დამტკიცდა 15 ჰიდროელექტროსადგურის განვითარების პროექტი, ჯამური დადგმული სიმძლავრით 153მგვტ; 2 ქარის ელექტროსადგურის პროექტი, ჯამური დადგმული სიმძლავრით 77 მგვტ და 10 პროექტი მზის ელექტროსადგურის მშენებლობაზე, ჯამური დადგმული სიმძლავრით 70 მგვტ. მიღებულმა შედეგებმა გვიჩვენა, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ ახალი ინვესტიციების მოზიდვა, არამედ მთელი რიგი აქამდე დროებით შეჩერებული პროექტების განხორციელებაც," - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ და აღნიშნა, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემო საუკეთესოა რეგიონში, ენერგეტიკა კი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დარგი ინვესტორებს შორის.


მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების წევრია და აქტიურად ახორციელებს საკუთარი ენერგოსექტორის რეფორმას. „საქართველოში ინერგება ელექტროენერგიის ბაზრის ევროპული მოდელი, რომლიც ხელს შეუწყობს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების ზრდას და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას. რეფორმა მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის, ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის და საიმედოობის თვალსაზრისით. ელექტროენერგიის ბაზრის დანერგვით საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემა გახდება უფრო ეფექტური, გამჭვირვალე და მოქნილი," - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.


შავი ზღვის ენერგოკაბელის და სხვა მსხვილი ენერგეტიკული პროექტების განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა ასევე ყურადღება მინისტრის პირველმა მოადგილემ. მისი თქმით, ენერგოკაბელის პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებას. ითქვა, რომ 2022 წლის 17 დეკემბერს ხელი მოეწერა შეთანხმებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში. შეთანხმებაში ჩართვის სურვილი ბულგარეთმაც გამოთქვა.


ამერიკელი სტუდენტების სასწავლო ტური ასევე ითვალისწინებს საქართველოს სხვადასხვა ენერგოობიექტების საქმიანობის გაცნობას. თბილისის გარდა, ისინი ქვეყნის სხვა რეგიონებსაც ეწვევიან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930