გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაია ბითაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ალბათ, ადამიანურად ძალიან დიდი ბოღმა და შური აქვთ

1-12-2023

ხელისუფლებაში მათი ყოფნის დროს დაიკარგა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაფორმებული დემარკაციის ხაზის გამყარება დღეს ხდება რუსეთის მხრიდან რეალურად, ყველამ დაინახა, მათ შორის, ევროკავშირში, სადაც ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში, რომ ისინი [რადიკალური ოპოზიცია] ძირს უთხრიან არა "ქართულ ოცნებას", არამედ ამ ქვეყანას, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ გადაცემაში "იმედი LIVE" განაცხადა.


მისი თქმით, ევროკავშირი მხოლოდ აქციების და მოთხოვნების გამო, კანდიდატის სტატუსს არავის ანიჭებს და როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესში წარმატების მისაღწევად დიდი ძალისხმევა დასჭირდა.


"შეიძლება ვიღაც არ გიჟდებოდეს "ქართულ ოცნებაზე", მაგრამ როდესაც დღედაღამ იძახი, რომ "ქართული ოცნება" არის რუსული, რანაირად მოხდა ისე, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს, მოხდა ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება, მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია, მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, ახლა დადებითი რეკომენდაცია და რამდენიმე დღეში ველოდებით კანდიდატის სტატუსს. ძალიან ლოგიკური და მარტივია პასუხი: სწორედ ხალხის ნებით არის "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში და უკვე მე-9 არჩევნებია, სადაც "ქართული ოცნება" იგებს.


ასევე ოპოზიციას შევახსენებ იმას, რომ მხოლოდ აქციებით და მოთხოვნით, რომ ვიყოთ ევროკავშირის წვერი, ევროკავშირი არავის ანიჭებს არც სტატუსს, არც ვიზალიბერალიზაციის ფორმატს უხსნის. აქ არის ძალიან დიდი მუშაობა, რომელსაც მთელი სახელმწიფო სტრუქტურა, როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელი ხელისუფლება, დაწყებული 2014 წლიდან, ყოველდღიურად ასრულებს - ეს არის უზარმაზარი შრომა, რომელმაც დღეს ჩვენ მოგვანიჭა უკვე ევროკავშირთან ვაჭრობის საშუალება და დღეს ყველაზე დიდი ინვესტორი ამ ქვეყანაში არის ევროკავშირი. ჩვენ ენერგეტიკულ კავშირებს ვამყარებთ ევროკავშირთან და საერთოდ სხვა რეჟიმში ვართ გადასული" - აღნიშნა მაია ბითაძემ.


მისი შეფასებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების ქმედებები შურით არის განპირობებული, ვინაიდან მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, სხვა უარყოფითი მოვლენებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია განხორციელდა.


"ალბათ, ადამიანურად ძალიან დიდი ბოღმა და შური აქვთ, იქიდან გამომდინარე, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიკარგა საქართველოს ტერიტორიის 20% და ოკუპაცია მოახდინა რუსეთმა. მათი ხელისუფლების დროს, ერთადერთი ბერკეტი, რაც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის დაბლოკვისა, ამას კარი გაუღეს. მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაფორმებული დემარკაციის ხაზის გამყარება დღეს ხდება რუსეთის მხრიდან და ყველა მავნებლობა, მათ შორის, ენერგეტიკულ ობიექტებთან მიმართებით გააკეთეს, გაყიდეს პირდაპირ რუსეთის ხელში და თუ გახსოვთ, რკინიგზის გაყიდვაზეც კი იყო საუბარი" - განაცხადა ბითაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930