1-12-2023
1-2 დეკემბერს, თბილისში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ასოციაცია „ქართული ღვინოს“ ორგანიზებით, ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე მეშვიდედ იმართება.
კონკურსზე წარდგენილია 110 კომპანიის 350-ზე მეტი ღვინის ნიმუში როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე უცხოეთიდან, სადაც ქართული ტექნოლოგიით ქვევრის ღვინო იწარმოება.
ჟიურის შემადგენლობაში საერთაშორისო დონის ქართველი და უცხოელი ექსპერტები არიან. ჟიურის ხელმძღვანელობს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, თანათავმჯდომარეა ცნობილი ღვინის ექსპერტი და კონსულტანტი რობერტ ჯოზეფი დიდი ბრიტანეთიდან.
„ჩვენი ქვეყნისთვის ქვევრის ღვინის კონკურსის ჩატარებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. კონკურსი სტიმულია მეწარმეებისთვის, რომ გააუმჯობესონ ღვინის ხარისხი და მრავალფეროვანი გახადონ პროდუქცია. აღსანიშნავია, რომ ქვევრის ღვინის ცნობადობა საერთაშორისო დონეზე წლიდან-წლამდე იზრდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კატეგორია მთელი მსოფლიოსთვის გახდეს ცნობილი, რისთვისაც აქტიურ მარკეტინგულ და პოპულარიზაციის კამპანიას ვახორციელებთ“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
კონკურსში გამარჯვებული ღვინოების დეგუსტაცია 3 დეკემბერს, წინანდალში, ქვევრის ღვინის სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართება.
ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი საქართველოში პირველად ქვევრის სიმპოზიუმის ფარგლებში, 2017 წელს ჩატარდა.
ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია.