4-12-2023
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, ნოემბრის თვეში ინფლაციამ 0.1 % შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ის 0.2%-ით არის შემცირებული.
აღსანიშნავია, რომ აპრილის თვიდან საქართველოში ინფლაციის დონე ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება. ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, მნიშვნელოვანი ფასების შემცირება ფიქსირდება სურსათის და მედიკამენტების ჯგუფებზე.
„ეს ყველაზე მოწყვლადი საზოგადოების ჯგუფებისთვის მნიშვნელოვან შეღავათს წარმოადგენს. აქვე უნდა აღინიშნოს - ჩვენი მოლოდინია, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან ნიშნულს ქვემოთ შენარჩუნდება, ხოლო მომავალი წლიდან ეტაპობრივად დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს", - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, ინფლაციის შემცირება საქართველოს მთავრობის და ეროვნული ბანკის კოორდინირებულმა მუშაობამ განაპირობა. „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სხვა ქვეყნებზე ადრე მოვახერხეთ ამ გამოწვევის დაძლევა", - აღნიშნავს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.