9-12-2023
"ყველას, ვინც წმინდა წერილზე დაყრდნობით, საქართველოში მცხოვრები უამრავი ეთნოსის ქომაგ, მულტიპოლარული მსოფლიოს კონფიგურაციაში ქვეყნის ჩართვის მსურველ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს "ანათემას" გადასცემს თბილისის სინაგოგის სტუმრობისა და ებრაელი ხალხისადმი "ჰანუკას" მილოცვის გამო - გთხოვთ დატოვოთ ჩემი ფრენდ-ზონა," - ასე მიმართავს საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით "ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი.
მისი თქმით, სექტანტიზმის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგია და არაერთხელ მიმართა რადიკალურ ოპოზიციას "წისქვილებთან" ბრძოლა შეეწყვიტა, თუმცა არ აქვს იმედი, რომ მისი მიმართვა შესმენილი იქნება.
"ყველას, ვინც წმინდა წერილზე დაყრდნობით, საქართველოში მცხოვრები უამრავი ეთნოსის ქომაგ, მულტიპოლარული მსოფლიოს კონფიგურაციაში ქვეყნის ჩართვის მსურველ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს "ანათემას" გადასცემს თბილისის სინაგოგის სტუმრობისა და ებრაელი ხალხისადმი "ჰანუკას" მილოცვის გამო - გთხოვთ დატოვოთ ჩემი ფრენდ-ზონა, ჩემი მხრიდან თქვენდამი ჩემი საუკეთესო სურვილების შენარჩუნების უფლებით. ვაღიარებ რა, რომ თქვენი დონის "აღმსარებლობას" ვერანაირად ვერ მივაღწევ, ვაცნობიერებ ჩემს "არასრულყოფილებას" რწმენაში და აღარ მსურს, "დაგაბრკოლოთ" ჩემი მეგობრობით თქვენს "მეწამეობრივ" ღვაწლში.
სარკაზმის გარეშე კი დავამატებ - არაა აუცილებელი, ლენინის დევიზის თანახმად, "ყველა მზარეულს შეეძლოს ქვეყნის მართვა". არაა აუცილებელი ყველა ერკვევოდეს პოლიტიკასა თუ პოლიტოლოგიაში, და მით უმეტეს წმ. იოანე ოქროპირის ციტირებით ებრძოდეს დღეს ეშმაკთა გარემოცვაში მყოფ აღმსარებელ პრემიერს.
წინააღმდეგი ვარ სექტანტიზმის ნებისმიერი ფორმის, სადაც ფსევდოპატრიოტიზმს და ფსევდომართლმადიდებლობას მათ მწვერვალად მივიჩნევ ისევე, როგორც ცრუთავმდაბლობას - ამპარტავანების პიკად. არაერთგზის მოგმართეთ თხოვნით, "წისქვილებთან" ბრძოლას თავი დაანებეთ - არაა თქვენი საქმე. თუ "მეწისქვილის" დამარცხება გსურთ, გაერთიანდით ახლა მაინც! დაძლიეთ თქვენი "ძაანმართლმადიდებლური" ამბიციები, ჩაახშეთ საკუთარ თავში "დოგმატური" სიძულვილის ენა და რას წარმოადგენთ, 2024-ის არჩევნებში გვანახეთ! მაგრამ, ვის მივმართავ? ვინც რჯულის, რწმენის, დოგმატების "მოწინააღმდეგედ" ამ დღეებში ირაკლი ღარიბაშვილი აირჩიეთ სამიზნედ? დღეიდან იცოდეთ - ჩემთვის თქვენ ამ ქვეყნისა და მისი მომავლის უკვე ისეთივე "დაუძინებელი მეგობრები" ხართ. და თქვენს სარდაფებში განლაგებულ ცრუპატრიოტულ ტელევიზიებს ჩემი მხრიდან ერთი რიგითი მამხილებელი გამოუჩნდა. ამიტომ, ზოგს მე დავემშვიდობე დღეს, ზოგი - მე დამემშვიდობა. დანარჩენმა თავად მიიღოს საჭირო გადაწყვეტილება. უფალს ებარებოდეთ და პატრიარქისგან იღებდეთ მაგალითს..." - წერს ქართველიშვილი.