18-12-2023
2012 წელს ჩაეყარა საფუძველი ჩვენი ქვეყნის რეალურ ევროპეიზაციას, დემოკრატიზაციას. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების გზას დაადგა ჩვენი ხელისუფლება, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ" გადაიბარა ჩვენი ქვეყნის მართვის სადავეები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, თუ რომელიმე ხელისუფალმა მიაღწია ძალიან კონკრეტულ შედეგს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის სწორედ „ქართული ოცნება".
„მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მივესალმები ჩვენს საზოგადოებას, ჩემს კოლეგებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარტიის თავმჯდომარეს, თბილისის მერს, მთავრობის წევრებს, პარლამენტის წევრებს, სასამართლოების ხელმძღვანელებს, საპატრიარქოს წარმომადგენლებს. პატივცემულ ელჩებს, ძვირფასო მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივის, წარმოგიდგინოთ ამ წლის საქმიანობის ანგარიში. მე შევეცდები თავიდან, ერთგვარი შესავალის სახით ჩვენი ანალიზი გაგიზიაროთ. ასევე გაგიზიაროთ ჩემი შეფასებები იმ ძირითად მოვლენებთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად, რეგიონში. ასევე, ჩემს ანგარიშში შევეხები იმ მიღწევებს, რომელსაც ჩვენ, მთელმა გუნდმა, მთავრობამ და პარლამენტმა ერთად, მთელმა ხელისუფლებამ, ყველამ ერთად მივაღწიეთ. ასევე მინდა შევეხო გეოპოლიტიკურ ვითარებას, რეგიონში არსებულ მდგომარეობას.
პირველ რიგში, მინდა , დავიწყო მოლოცვით, კიდევ ერთხელ, ვინაიდან ჩვენმა გუნდმა და მთლიანად ხელისუფლებამ, ჩვენს ხალხთან ერთად მივაღწიეთ უდიდეს გამარჯვებას - ჩვენი ქვეყანა გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ეს არის მრავალი თაობის ოცნების ახდენა. ეს ბუნებრივია, არ ყოფილა მარტივი და ჩვენ ძალიან ბევრი გამოწვევის აღსავსე პერიოდები, ეტაპები გავიარეთ, ძალიან ბევრი სირთულე გავიარეთ ერთად, ბევრი განსაცდელები, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიხელმძღვანელეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ მივაღწიეთ ამ შედეგს მეგობრებო. მხოლოდ ჩვენი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით ვიმოქმედეთ და მოვედით დღევანდელობამდე.
2012 წელს ჩაეყარა საფუძველი ჩვენი ქვეყნის რეალურ ევროპეიზაციას, დემოკრატიზაციას. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების გზას დაადგა ჩვენი ხელისუფლება, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ" გადაიბარა ჩვენი ქვეყნის მართვის სადავეები. მე ადრეც მითქვამს ძალიან ბევრჯერ, რომ თუ ვინმემ, რომელიმე ხელისუფალმა მიაღწია ძალიან კონკრეტულ შედეგს, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის სწორედ „ქართული ოცნება". დაწყებული ჯერ კიდევ ასოცირების შეთანხმების გაფორმებით, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, შემდეგ კონსტიტუციაშიც კი აისახა ჩვენი გაცხადებული საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი და დაგვირგვინდა ჯერ შარშან, ევროპული პერსპექტივის აღიარებით და უკვე წელს ერთგვარი დამაგვირგვინებელი შედეგი იყო კანდიდატის სტატუსის მოპოვება", - განაცხადა პრემიერმა.