გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: მმართველობის ხარისხით საქართველო გამოირჩევა არა მხოლოდ რეგიონში,არამედ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის

18-12-2023

მმართველობის ხარისხით საქართველო გამოირჩევა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის და მეტიც, რიგ ინდიკატორებში უსწრებს ევროკავშირის 10-ზე მეტ წევრ და 8-ვე კანდიდატ ქვეყანას, საქართველო ევროპული სახელმწიფო გახდა, ეს პროცესი არის შეუქცევადი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.



მთავრობის მეთაურმა მიმოიხილა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული რეიტინგები, რომლებიც ობიექტურად ასახავს საქართველოს წინსვლას და გლობალური პოზიციონირების გაუმჯობესებას.



პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა მთავრობის თითოეულ წევს, ყველა საჯარო მოხელეს, პარტია „ქართულ ოცნებას" და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ შედეგის მიღწევაში.


„და ბოლოს მეგობრებო, მე მინდა, ეს ყველაფერი, რაზეც ახლა ვისაუბრე, შევაჯამო იმ რეიტინგებით, იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული რეიტინგებით, რომლებიც ობიექტურად ასახავს საქართველოს წინსვლას და გლობალური პოზიციონირების გაუმჯობესებას.


დავიწყებ იმით, რომ ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების" წლევანდელ „დემოკრატიის ანგარიშში" დემოკრატიზაციის 10-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოს 179 ქვეყანაში საუკეთესო ათეულშია. ეს არის 11-წლიანი მუშაობის შედეგი. თითქმის 180 ქვეყანაში საუკეთესო ათეულში მოხვდა საქართველო დემოკრატიზაციის ანგარიშში.


„World Justice Project"-ის მიხედვით, „კანონის უზენაესობის ინდექსში" საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე არის, საშუალო შემოსავლიან ქვეყნებს შორის მე-6 ადგილს იკავებს.


მინდა ასევე ვთქვა, რომ ისეთ ინდექსებში, როგორიც არის კორუფციისგან თავისუფლება, საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე გავიდა წელს, ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველი ადგილი დაიკავა.


მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის" თანახმად, რომელიც მსოფლიო ბანკმა „გლობალური მმართველობის ინდიკატორების" პროექტის ფარგლებში გამოაქვეყნა, საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ მრავალ სახელმწიფოს. კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-20, ევროპაში მე-11, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის მე-2 ადგილზეა.


ამავე ანგარიშის თანახმად, ევროპის კანონის უზენაესობის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 29-ე, ევროპაში მე-14 ადგილზეა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის მე-3 ადგილზეა;


რეგულაციების ხარისხით საქართველო ეკონომიკებს შორის მე-7 ადგილზე, ხოლო სახელმწიფოებს შორის მე-9 ადგილზეა.


გლობალური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის „Transparency International" მიერ 2022 წელს გამოქვეყნებულ „კორუფციის აღქმის ინდექსში", მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის საქართველო 41-ე ადგილზეა და რეგიონში ლიდერია.


ასევე მინდა ვთქვა, რომ ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრის (ERCAS) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის „გამჭვირვალობა ომიანობის ჟამს" მიხედვით, საქართველო მე-17 ადგილს იკავებს წლევანდელ „გამჭვირვალობის ინდექსში" და უსწრებს ევროკავშირის 15 წევრ სახელმწიფოს და დიდი შვიდეულის 4 ქვეყანას.


„Fraser Institute"-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, ცნობილი ინსტიტუტი, „მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება" საქართველო 165 ქვეყანას შორის 25-ე ადგილს იკავებს და მსოფლიოს ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის ქვეყნებს შორისაა.


„Freedom House" მიერ გამოქვეყნებული „ინტერნეტის თავისუფლების ინდექსის" თანახმად, საქართველოს 100-იდან 76 ქულა მიენიჭა და „თავისუფალი ქვეყნების" სიაში მსოფლიოს 70 ქვეყანას შორის მე-9 ადგილზეა.


ასევე მინდა ვთქვა, რომ სავალუტო ფონდის 2022-2028 წლების განახლებული შეფასებისა და გრძელვადიანი პროგნოზების თანახმად, საქართველო მსოფლიოში მეორე, ხოლო აღმოსავლეთ ნახევარსფეროში პირველ ადგილზე გავიდა შემდეგი მაჩვენებლებით: 2022-2028 წლებში ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ-ის ზრდა; ასევე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური ეკონომიკის ზრდის ტემპი და მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ზრდის ტემპი მუდმივ ფასებში.


მსოფლიოს მოწინავე შვეიცარულმა ანალიტიკურმა ცენტრმა „Global Risk Profil"-მა „გლობალური კორუფციის ინდექსი 2023" გამოაქვეყნა. საქართველო 2 ადგილით დაწინაურდა, მსოფლიოს თითქმის 200 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის საუკეთესო 25%-ში, 43-ე ადგილზე ; შავიზღვისპირეთში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში კი, რა თქმა უნდა პირველ ადგილზე გავიდა „კორუფციის დაბალი დონის" მიხედვით.


ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით, 10 წლის წინანდელი საქართველო შეზღუდული გამჭვირვალობის მქონე ქვეყნებს შორის იყო. შეზღუდული გამჭვირვალობის მქონე ქვეყანა იყო საქართველო 10 წლის წინ. ხოლო 2022 წელს კი „ღია ბიუჯეტის ინდექსით" საქართველომ მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით. აი ეს არის რეალური პროგრესი.


მმართველობის ხარისხით საქართველო გამოირჩევა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის და მეტიც, რიგ ინდიკატორებში უსწრებს ევროკავშირის 10-ზე მეტ წევრ და 8-ვე კანდიდატ ქვეყანას.


მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორების მიხედვით, რეგულირების ხარისხით საქართველო უსწრებს ევროკავშირის 13 ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას.


კორუფციის კონტროლის ინდიკატორში საქართველო უსწრებს ევროკავშირის 10 ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას, მთავრობის ეფექტურობის ინდიკატორში საქართველო უსწრებს ევროკავშირის 8 ქვეყანას და 8-ვე კანდიდატ ქვეყანას.


ეს არის შედეგი, რომელსაც ჩვენმა ხელისუფლებამ მიაღწია ბოლო 11 წლის განმავლობაში.


კიდევ ერთხელ, მე მინდა გადავუხადო მადლობა მინისტრთა კაბინეტს, მთავრობის თითოეულ წევს, ყველა საჯარო მოხელეს.


მინდა მადლობა გადავუხადო პარტიას, ჩვენს პარლამენტს, ყველა უწყებას, რომლებიც ჩვენთან ერთად ჩართულნი იყვნენ ამ შედეგების მიღწევაში. მადლობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ, ჩვენს ამერიკელ მეგობრებს და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ წელს მნიშვნელოვანი ეტაპი დავხურეთ, მაგრამ გადავიდა ქვეყანა უკვე ახალ ეტაპზე.


მინდა გავიმეორო ის სიტყვები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ვთქვი: საქართველო ევროპული სახელმწიფო გახდა. ეს პროცესი არის შეუქცევადი. ახლა საჭირო არის კიდევ უფრო მეტი მონდომებით, მეტი მოტივაციით, მეტი საქმის კეთება, იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს რეალურად ევროპული სახელმწიფო და რაც მთავარია, ჩვენი მთავარი ოცნება ავიხდინოთ, ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და რეალურ წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება.


დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებულ წელს, ჯანმრთელობას და მშვიდობას!",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930