18-12-2023
რაც შეეხება უსაფრთხოებას და თავდაცვას. მოგეხსენებათ, რომ ბოლო 3 წელიწადში ჩვენ საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადავდგით თავდაცვის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 540 მილიონი ლარი არის დახარჯული სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ზოგადად, ბოლო 10 წელიწადში, აქედან 400 მილიონ ლარამდე არის დახარჯული მხოლოდ ბოლო 4 წელიწადში.
„ჩვენ საშუალოდ 100 მილიონ ლარს ვხარჯავთ, მათ შორის, ყაზარმების თუ სხვა სამხედრო ბაზების განვითარებაზე, დღეის მდგომარეობით 273 ობიექტი არის აშენებული, გარემონტებული, რეაბილიტირებული, მათ შორის, ყაზარმები, სასადილოები, სპორტკომპლექსები, საცხოვრებელი კორპუსები და სხვ. გარემონტდა 503 ობიექტი. მე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ დავასრულეთ წარმატებით „ჯარის ქალაქის" მშენებლობა. ეს არის საკმაოდ წარმატებული პროექტი, რომელიც გაგრძელდება მომავალშიც და ამის გარანტიებიც იქნა ჩადებული თავდაცვის კოდექსში.
„ჯარის ქალაქში" 1000-ზე მეტ ჩვენს სამხედროს, ჩვენს საამაყო სამხედროებს, ჯარისკაცებს გადაეცათ ბინები მინიმალურ, მიზერულ ფასად, შეიძლება ასეც ითქვას და ჩვენ ამ პროექტს მომავალშიც გავაგრძელებთ.
იგივე პროგრამა ჩვენ დავიწყეთ პოლიციელებისთვის, ჩვენი საამაყო პოლიციელებისთვისაც. 1000-ზე მეტი პოლიციელი მიიღებს თბილისში ბინებს, ასევე მიზერულ ფასად და ასევე უნდა გაგრძელდეს პოლიციისთვისაც ეს წამახალისებელი მექანიზმი.
რა თქმა უნდა, ვითარდება და შეიარაღება იქნება ეს თუ სპეცტექნიკის განახლება და შეძენა, ჯამში, ბოლო 10 წელში 2 მილიარდ ლარამდე არის გამოყოფილი და დახარჯული, მხოლოდ წელს 15 მრავალმილიონიანი ხელშეკრულება არის გაფორმებული შეიარაღების შესყიდვაზე ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან, ამის თაობაზე ბუნებრივია თავდაცვის მინისტრისგან გაქვთ დეტალური ინფორმაცია. ჩვენ ასევე განვაახლეთ ბოლო პერიოდში საფრენი საშუალებები, მათ შორის, ამერიკული წარმოების, ასევე მოიერიშე თვითმფრინავები, შვეულმფრენები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.