23-12-2023
„ევროკავშირის არც ერთ დოკუმენტში, არც ერთ ოფიციალურ განცხადებაში, არც ერთი მაღალი თანამდებობის პირის ბრიფინგზე საქართველოსთან მიმართებით სიტყვა „ოკუპაცია“ არ იხსენიება“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ცდილობს საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებში საქართველოსთან მიმართებით სიტყვა „ოკუპაცია“ დააბრუნოს.
„2008 წლიდან მოყოლებული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით სიტყვა „ოკუპაცია“ აკრძალულია. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვედით ხელისუფლებაში, მუდმივად მოვითხოვთ, რომ სიტყვა ოკუპაცია იყოს ნახსენები. ორი თვის წინ იყო პირველად, როცა ბატონმა ბორელმა თქვა სიტყვა „ოკუპაცია“, როდესაც სასაზღვრო ხაზთან იყო მისული და ამაზეც ბევრი შეიშმუშნა. ამას წინ უძღოდა ის, რომ ნიკა სამხარაძემ, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, კატეგორიულად დასვა საკითხი - რატომ არ ახსენებთ სიტყვა „ოკუპაციასო“. ბორელთან შეხვედრიდან რომ გამოვიდა, პარლამენტარები ხვდებოდნენ გარეთ, როგორც ოპოზიციის, ასევე უმრავლესობის წევრები და ჩვენი ოპოზიციონერი დეპუტატი ქალები ეცნენ, რას "ეკაჩავები" ამხელა თანამდებობის პირს, როგორ უბედავ ასე ლაპარაკსო. ეს არის მონური ფსიქოლოგია. ასე ვერც ევროკავშირში შეხვალ და ვერც ვერაფერს მიაღწევ. სწორედ ჩვენი სუვერენიტეტი, უფლებები უნდა დავიცავთ და სადაც სიტყვა „ოკუპაციაა“ სათქმელი, იქ კატეგორიულად უნდა მოვითხოვოთ, რომ ეს სიტყვა ითქვას“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.